სექსუალური შევიწროება დაუშვებელია

IMG_9732ავტორი: გვანცა ფორჩხიძე

ბოლო რამდენიმე წელია, რაც აქტუალური გახდა ტაბუდადებულ თემაზე სექსუალურ შევიწროებაზე მსჯელობა.  ძალადობა თავისი ნებისმიერი:  ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური, სექსუალური გამოვლინებით მძიმე კვალს ტოვებს ადამიანების ფსიქიკასა და ცხოვრებაზე. საქართველოში სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ გამოკვლევა არ არსებობს, თუმცა როგორც ომბუდსმენის აპარატი იტყობინება, მსგავსი სულ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანთან არასასურველ ნებისმიერი სახის ინტერაქციას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, დამცირებას, შეწუხებას, შეშინებას. როგორც წესი სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოება გაურბის საუბარს. ხშირად საზოგადოების ნაწილმა არც კი იცის თუ რა არის სექსუალური შევიწროება. ნეტგაზეთის მიხედვით,  ერთ-ერთი ბოლო კვლევა ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების შესახებ ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ 2014 წელს ჩაატარა. გამოკითხულთა 45 % აცხადებდა, რომ ისინი იყვნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, თუმცა როგორც ცენტრის წარმომადგენელი, მარიამ წერეთელი აცხადებს, ანკეტების გადაკითხვის დროს გამოჩნდა, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, უბრალოდ მათ არ იცოდნენ, ან არ მიიჩნევდნენ ამას შევიწროებად. ობუდსმენის თქმით, 2014 წელს სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებაზე კვლევა მოამზადა სოციალური მეცნიერების ცენტრმა. კვლევაში პირდაპირ დასმულ შეკითხვას, გამხდარა თუ არა ადამიანი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი სამსახურში, პირდაპირ დადებითად მხოლოდ 3 % პასუხობდა, მაგრამ როდესაც კითხვის ფორმულირება იცვლებოდა, თუმცა შინაარსი იგივე რჩებოდა, მაჩვენებელი 38 %- მდე იზრდებოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სექსუალური შევიწროების აღსაკვეთად საქართველო 2014 წელს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ ევროსაბჭოს კონვენციას, იგივე სტამბოლის კონვენციას შეუერთდა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების მიღება და კონვენციის რატიფიცირება ამ დრომდე ჭიანურდება. ამ დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ  მთავრობას მზად აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდის.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სექსუალური შევიწროების მოწმეები ხშირად სექსუალური შევიწროების ადგილად სატრანსპორტო საშუალებებს, მეტროს, ავტობუსს, ტაქსის და მიწისქვეშა გადასასვლელებს ასახელებენ. რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარმა’’ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წამოიწყო კამპანია #რა მოხდა ქუჩაში, სადაც ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მოზარდები, ახალგაზრდები, ქალები ჰყვებიან საკუთარ ისტორიებს სექსუალური შევიწროების შესახებ: თუ რა გადახდათ თავს, როგორი რეაგირება ჰქონდათ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, როგორი იყო შედეგი და ა.შ აღნიშნული კამპანიის გაგრძელება იყო სექსუალური შევიწროების ფატების, დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომლის პრეზენტაციაც ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს’’ ოფისში 2017 წლის 12 აპრილს გაიმართა.

პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ბუკლეტები, სადაც სექსუალური შევიწროება ამგვარად იყო განმარტებული: ,,სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება. ეს ქმედება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებებს, სტვენას, ტელეფონის ნომრის, ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ და გენიტალიების ჩვენება’’. ორგანიზატორების თქმით, სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი ხშირ შემთხვევაში არიან ქალები და მოზარდი გოგონები.

მიუხედავად არასამთავრობო სექტორის აქტიურობისა, საზოგადოების ნაწილი ინდიფერენტულად არის განწყობილი სექსუალური შევიწროების ფაქტების მიმართ. იმისთვის, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყოს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა არ არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა სექსუალური შევიწროებასთან დაკავშირებით, ასევე საჭიროა მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი ხდებიან. მათ ამ თემის შესახებ ხმამაღლა უნდა ისაუბრონ, ერთმანეთს გამოცდილებები უნდა გაუზიარონ, რათა მომავალში ჰქონდეთ წარმოდგენა თუ როგორ გაუმკლავდნენ სექსუალური შევიწროების სხვადასხვა გამოვლინებას.

თუკი პარლამენტი სამინისტროს მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს დაამტკიცებს, დაისჯება ადევნება, სტერილიზაციის იძულება, შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად სასამართლო აღარ იქნება საჭირო და ამ მხრივ პოლიციის უფლებასმოსილება გაიზრდება; მასწავლებლები ვალდებულები იქნებიან, რომ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტების შესახებ და ა.შ

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის საიტზე განთავსდა სექსუალური შევიწროვების შესახებ ელექტრონული სწავლების კურსი. აპარატში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ორგანიზაციებმა და სახელმწიფო უწყებებმა დანერგონ შიდაუწყებრივი მექანიზმები მონიტორინგისთვის.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s