პროფესია – ჩვენი არჩევანი?

Chon-nghe-1ავტორი: გვანცა ცუხიშვილი  

პროფესიის არჩევა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ამასთან, რთულია არჩევანის გაკეთება იმ ფაქტორების გამო, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. არჩევანის გაკეთებისას გვეხმარება საკუთარი ინტერესები, მოტივაცია და ის ღირებულებები, რომელთა დაცვაც ჩვენი მიზანია. თუმცა, აღსანიშნავია სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალ კარიერას. ვფიქრობ, ამ მხრივ ერთ-ერთი უდიდესი გავლენა ოჯახს აქვს. ბუნებრივია, ოჯახს შეუძლია დაეხმაროს მოზარდს გადაწყვეტილების მიღებაში, მისცეს საჭირო რჩევები, მაგრამ მის ნაცვლად არჩევანის გაკეთება გაუმართლებელია. არსებობს ოჯახები, სადაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციულ პროფესიებს ან უბიძგებენ შვილებს პრესტიჟული პროფესია შეისწავლონ. გამომდინარე აქედან, სწორედ მშობლების გავლენამ შეიძლება განაპირობოს კარიერული სირთულეები.

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ისეთი მშობლების შესახებ, რომლებიც შვილებს ბავშვობიდანვე გულმოდგინედ მოუწოდებენ კონკრეტული პროფესია შეისწავლონ. მაგალითად, პატარა გოგო, რომელსაც დედა თმაზე ეფერება და თან ,,ტკბილი ხმით’’ დასძახის: ,,ჩემი შვილი ექიმი უნდა გამოვიდეს.’’ უდავოა, რომ ექიმობა, მისი არსიდან გამომდინარე, ერთ-ერთი დასაფასებელი პროფესიაა, თუმცა არის თუ არა იგი კონკრეტული ინდივიდის ინტერესი, ამას მის გარდა არავინ უნდა წყვეტდეს, მათ შორის არც მშობელი.

ვფიქრობ, რომ პროფესიის არჩევას კიდევ უფრო ართულებს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხრივ არსებული პრობლემები. პროფესიული განათლება ნაკლებად მიმზიდველი ალტერნატივაა მოსახლეობისათვის. შეიძლება ეს მხოლოდ და მხოლოდ მშობლების, მოსწავლეებისა და საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობას მივაწეროთ? ვფიქრობ, რომ პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა.  დაბალია ამჟამინდელი პროფესიული განათლების ხარისხი, იგი არ შეესაბამება კვალიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტებს, არ არსებობს პროფესიული განათლების ზედა საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, ასევე უმაღლესი აკადემიური განათლების მიღების შანსი. სტუდენტებს არ აქვთ საერთაშორისო მობილობისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ქვეყანაში არ არის პროფესიული განათლების ისეთი სისტემა, რომელიც კარგად მოერგება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს, შშმ პირებს, სხვადასხვა სოციალური და მენტალური საჭიროების პირებს.

,,ზოგი ადამიანი, რომელიც არაფერს წარმოადგენს, აკეთებს ისეთ რაღაცებს, რომლის წარმოდგენაც არავის შეუძლია’’ ეს სიტყვები ბრიტანულ ფილმში (the imitation game) მოვისმინე. ფილმი ეხება ალან ტიურინგის, ლეგენდარული მათემატიკოსის, კრიპტოლოგის ისტორიას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა მანქანა ,,ენიგმა’’ გერმანული კოდის გასატეხად. ვფიქრობ იგი ნათლად ასახავს, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ,,შეუმჩნეველი’’ პროფესიები სახელმწიფოსათვის.

პრეტიჟული და ნაკლებად მოთხოვნადი პროფესიები დროში ცვალებადია. დღესდღეობით საქართველოშ ნაკლებად მოთხოვნადია ჰუმანიტარული პროფესიები, პოპულარობით სარგებლობს დასაქმებისა და ანაზღაურების მეტი პერსპექტივის მქონე პროფესიები: იურიდიული, საბანკო-საფინანსო, ფარმაცია და ა.შ. ძნელია გააკრიტიკო სკოლადამთავრებული, რომელიც არჩევანს სარფიანობის გამო აკეთებს. ნებისმიერ ადამიანს სურს ცოდნა საკუთარი კეთილდღეობისათვის გამოიყენოს, რაც სავსებთ ნორმალურია. ამიტომაც, საჭიროა შრომის ბაზრის თავიდან ბოლომდე გადახარისხება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილი ფიზიკოსი ან არქეოლოგი მხოლოდ რამდენიმე გვეყოლება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, პირადად ჩემთვის, საეჭვოა, ვირჩევთ თუ არა საკუთარ პროფესიას თვითონ. ცხადია, ეს ერთი შეხედვით ასეა, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაცია ართულებს სასურველი და ამავე დროს სათანადოდ ანაზღაურებადი პროფესიის არჩევას. საბოლოო ჯამში კი ინდივიდი კარგავს პროფესიულ თვითგამორკვევას და არჩევანს არა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად აკეთებს.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s