პროსტიტუციის ლეგალიზაცია-ამორალურობა თუ აუცილებლობა?

tumblr_mkn3ufZ50O1sn9t0yo1_500.jpgავტორი: თეონა მარაქველიძე

კომერციული სექსი ალბათ კაცობრიობის შექმნის დღიდან არსებობს და შემთხვევითი არ არის, რომ ასეთ საქმიანობას „უძველესი პროფესიის“ სახელით მოიხსენიებენ. ამგვარი საქმიანობა ოდითგანვე დასაგმობი და სამარცხვინო იყო. სხვადასხვა დროს უამრავი ქვეყანა ცდილობდა აღმოეფხვრა მსგავსი ქმედებები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.

პროსტიტუცია საქართველოში ლეგალიზებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმიანობა ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით დასჯადია და ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სანქციას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ „პროსტიტუცია – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“. საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია არამხოლოდ პროსტიტუციით დაკავება, არამედ პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (254 მუხლი) მსგავსი ქმედებისთვის ითვალისწინებს დაჯარიმებას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

საქართველოში წარმოუდგენელია, მაგრამ არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც აღწერს ამ საქმიანობაში ჩართული ადამიანების და დაწესებულებების  რაოდენობას, რომლებიც ამისთვის არიან შექმნილნი. რეგულირების ბერკეტი ამ შემთხვევაში პოლიციის ხელშია, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პოლიციის ძალისხმევა ამაოა. უამრავი დაწესებულება მათგან ფარულად ფუნქციონირებს.

პროსტიტუცია, ისეთი საქმიანობაა, რომელიც დაავადებების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ალბათ არავის გაუკვირდება თუკი ვიტყვი, რომ არარეგულირებული პროსტიტუცია „იატაკქვეშა“ საქმიანობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღაც მიწის ქვეშ, პოლიციისგან ადვილად მიუგნებელ ადგილზე, სადაც არ არსებობს შესაძლებლობა მინიმალურ სანიტარული ნორმების დაცვისა, კლიენტები იკმაყოფილებენ თავიანთ მოთხოვნილებებს და შემდეგ მიდიან, მიდიან მშვიდად. მაგრამ არალეგალური პროსტიტუცია სქესობრივი დაავადებების გავრცელებისთვის „საუკეთესო“ გზაა. იმის გამო, რომ კანონმდებლობა მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ითვალისწინებს და არა მარეგულირებელს, ქვეყნის ხელისუფლება სექსმუშაკებისთვის არანაირ შეღავათებს არ გამოყოფს, იქნება ეს ჯანმრთელობის დაზღვევა თუ ექიმთან უფასო კონსულტაცია. შესაბამისად, დაავადებების გავრცელების რისკი ძალიან მაღალია, რადგან საკუთრი სახსრებით ექიმთან კონსულტაციის და მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა, ამ სფეროში მომუშავე ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს.

დაავადებების გარდა, გასათვალისწინებელია ჰუმანურობის ფაქტორიც. პროსტიტუციაში ჩართული ქალების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ისინი ძალიან ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ დასახმარებლად ვერავის მიმართავენ, რადგან იციან, რომ მათ ყვირილს და შეძახილს არავინ გამოეხმაურება. რამდენი მოქალაქე შეუშლიდა ხელს სექსმუშაკზე მოძალადე ადამიანს ქუჩაში? ვფიქრობ, რომ არც თუ ისე ბევრი, რადგან საზოგადოების წარმოდგენაში გამჯდარია აზრი, რომ ეს ადამიანები  კანონით ისჯებიან და მათი „დამნაშავის“ სტატუსი ადამიანებს უბიძგებს გულგრილობისკენ, თვალის დახუჭვასა და უმოქმედობისკენ.

რადგან ეს საკითხი ისევ და ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა პროსტიტუციასთან დაკავშირებით არაეფექტურია, რადგან ფაქტია, რომ ამ სფეროში არსებობს ისეთი პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაც დრეს არსებულ კანონმდებლობას არ შეუძლია. პროსტიტუციასთან დაკავშირებული სანქციები არ იწვევს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამიტომ საჭიროა რომ სახელმწიფოს მხრიდან შეიცვალოს მიდგომა, პოლიტიკა, რომელიც კანონს უფრო მოქნილს გახდის.

რა ცვლილებები მოხდება თუკი საქართველოშიც ლეგალური გახდება პროსტიტუცია? პირველ რიგში, სახელმწიფოს ხელში იქნება რეალური ბერკეტი, რაც გამოიხატება მკაცრ კონტროლსა და ეფექტურ რეგულირებაში. სახელმწიფო იზრუნებს, რომ მსგავსი საქმიანობითვის არსებული თითოეული დაწესებულება და ამ საქმიანობაში ჩართული ყოველი ადამიანი იყოს აღრიცხული. სექსმუშაკებს დროის გარკვეული ინტერვალით ჩაუტარდებათ სამედიცინო მომსახურება, რაც თავის მხრივ შეამცირებს დაავადებების გავრცელების საფრთხეს. გარდა ამისა, საქმიანობა იქნება კანონიერი და ფული შევა ბიუჯეტში. დაწესებულებებს ეყოლება დაცვა, რომელიც მოახდენს სიტუაციის გაკონტროლებას, რაც შეამცირებს სექსმუშაკების უფლებების დარღვევასა და მათზე ძალადობის განხორციელებას. მას გარდა, სახელწიფო შეძლებს გააკონტროლოს მსგავს საქმიანობაში ჩართული ადამიანების ასაკი, რაც გამორიცხავს მომავალში არასრულწლოვანთა ჩართულობას პროსტიტუციაში. ასეთი ცვლილებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია განხორციელებული, რომელთა რიგებს უერთდება გერმანია, საფრანგეთი, დანია, შვედეთი და სხვა.

გარდა ლეგალიზაციისა, არსებობს სხვა გზაც, რომელიც სოციალური სწავლების ტიპის ცვლილებას გულისხმობს. სოციალური სწავლების საფუძველზე მიღებული ცოდნაც უზრუნველყოფს საჯარო პრობლემების მიზეზების გადაფასებას, მათი გადაწყვეტის ახლებური ხედვის დანერგვასა და გატარებას და შესაბამისად, უკეთესი პოლიტიკის  დანერგვას. სწორედ ასეთ გზას მიმართეს შვედეთში პროსტიტუციასთან დაკავშირებით. რადგან სექსმუშაკების დაჯარიმებამ და პროსტიტუციასთან დაკავშირებულმა სხვა სანქციებმა დგომარეობა არ შეცვალა უკეთესობისკენ, შვედეთის მთავრობამ თავად შეცვალა მიდგომა. კერძოდ, მოახდინეს სექსის „ყიდვის“ და არა „გაყიდვის“ აკრძალვა. შესაბამისად, კანონით დასჯის ობიექტები გახდნენ არა სექსმუშაკები, არამედ ამ მომსახურების მიმღები ადამიანები. კანონში შესულმა ასეთმა ცვლილებამ საგრძნობლად შეამცირა პროსტიტუციის, როგორც ფაქტის რაოდენობა, რადგან კანონი ვრცელდებოდა ჩვეუებრივ მოქალაქეზე, რომელიც მიმართავდა სექსმუშაკს, და არა თავად პროსტიტუციით დაკავებულ ადამიანზე. შვედეთის შეცვლილი პოლიტიკა პროსტიტუციის რეგულირებასთან დაკავშირებით ეფექტური აღმოჩნდა და ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

კომერციული სექსის არსებობას ერთი შეხედვით ყველა აღიარებს, მაგრამ აუცილებელია არამხოლოდ აღიარება, არამედ დარეგულირებისთვის, შესაბამისი ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, როგორც საზოგადოების ასევე სახელმწიფოს მხრიდან.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s