სელექციური აბორტი – კანონი  და მყარი  კულტურული სტერეოტიპები

fotoავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

სელექციურ აბორტს უწოდებენ ფეტუსის რომელიმე არასასურველად მიჩნეული სქესის  გამო ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას.

ქეთევანი (სახელი შეცვლილია) ოჯახში მეორე შვილია ის 23 წლის წინ თბილისში დაიბადა.  საკუთარ ისტორიას იხსენებს – „მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ძმა მყავს, მამას გოგოს დაბადება მაინც არ სურდა. როდესაც გაიგო, რომ დედა ორსულად იყო,  ირწმუნა, რომ ისევ ბიჭი ეყოლებოდა. რომ დავიბადე სამშობიაროში არც ვუნახივარ, ეზოში იჯდა დიდი ხნის განმავლობაში და ცდილობდა,  შეჰგუებოდა ფაქტს, რომ გოგო ეყოლა და არა ბიჭი. ამბავი თავად მამამ მომიყვა, თან ბოდიშს მიხდიდა, 23 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი, რომ ის გოგო დაიბადა, რომელიც დღეს ჩემი უახლოესი მეგობარიაო“

ხშირად გამიგონია, რომ ნამდვილი შვილი ბიჭია, ამიტომაც ოჯახში სწორედ მისი დაბადებაა სასურველი. მაშინ, როდესაც გოგო გათხოვდება და ოჯახიდან  წავა, ბიჭი  საქმეს გადაიბარებს, ის პოტენციურ მარჩენალად აღიქმება, რომელიც  სიბერეში მშობლებს მოუვლის. ჩემი აზრით,  სოციალური კულტურული ფაქტორები, ტრადიციული ნარატივები და კულტურული  სტიგმები  საზოგადოებაში ახალშობილთა სქესთა შორის დისბალანსის  ძირითადი მიზეზებია.

საქართველოში სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2016 წელს შობადობის რიცხვმა კაცებში – 28 887  შეადგინა, ხოლო ქალებში – 27 682. გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ აღნიშნულია, რომ სქესთა შორის ბუნებრივ პროპორციად მიჩნეულია, გადანაწილება 100 გოგონაზე 105 ბიჭი. საქართველოში 2008–2012 წლის მონაცემებით ეს პროპორცია 100 გოგონაზე 112 ბიჭის თანაფარდობით გამოიხატება. აღნიშნული თანაფარდობა ციფრებს შორის, ცხადია მიუთითებს, რომ საქართველოში სქესის შერჩევა ხდება. საინტერესოა, როგორ მოქმედებს კულტურული სტერეოტიპები პრიორიტეტული სქესის არჩევის დროს?

2015 წელს გამოქვეყნდა ფრანგი მკვლევრის კრისტოფ გილმოტოს კვლევა, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალისა და მამაკაცის მიმართ. კვლევის ფარგლებში აღნიშნული მოსაზრებები ცხადჰყოფს, რომ სქესის შერჩევის ერთ–ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ოჯახური ტრადიციაა.

სახელმწიფო თავის მხრივ ცდილობს, დახვეწოს კანონი, რომელიც შეძლებს მაქსიმალურად თავიდან აირიდოს შერჩევითი აბორტის პრაქტიკა. საქართველოს კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ აღნიშნულია, რომ ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა დასაშვებია, მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, თუ ორსულობის პერიოდი არ აღემატება 12 კვირას, პაციენტს უკვე ჩაუტარდა წინასწარი კონსულტაცია და გასულია 5 დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. აბორტი დასაშვებია ორსულობის 22–ე კვირამდე სოციალური ან სამედიცინო მიზეზის გამო. როდესაც სელექციურ აბორტზე ვსაუბრობთ, ორსულობის 12 კვირის შემდგომი პერიოდი იგულისხმება, რადგან ამ ეტაპზე ექიმებს ბავშვის სქესის დადგენა უკვე თავისუფლად შეუძლიათ და აბორტის გასაკეთებლად კომისიის გადაწყვეტილების შედეგად გაცემული სპეციალური სამედიცინო ჩვენებაა საჭირო. მოთხოვნების გათვალისწინებით, კანონის მიხედვით ქალებისთვის სქესის შერჩევის გზით აბორტის გაკეთება დიდ სირთულესთან უნდა იყოს დაკავშირებული, თუმცა საპირისპირო შედეგებს გვაჩვენებს სტატისტიკა. მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, გართულებული კანონის პირობებში რატომ დგას სელექციური აბორტის პრობლემა საქართველოში?

ასოციაცია „ჰერა XXI–ის“ მიერ 2015 წელს  ჩატარებულ კვლევაში – „აბორტის სერვისის ხელმისაწვდომობისა და მზაობის შეფასება“ აღნიშნულია, რომ საქართველოში კანონი არ განსაზღვრავს აბორტის პროცედურის საფასურს. პრეაბორტული კონსულტაციის დროს  ექიმები პაციენტებს აწვდიან ზედაპირულ ინფორმაციას პროცედურის, მეთოდებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რის გამოც ქალი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე.

გაეროს ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 1990 წლიდან 2010 წლამდე 25 000 გოგონა „გაუჩინარდა“ . სახელმწიფო ვერ კრძალავს მომავალი მშობლებისთვის ბავშვის სქესის გამჟღავნებას, ვინაიდან ამის ცოდნა ადამიანის უფლებაა, თუმცა მას შეუძლია, შეისწავლოს აბორტის პრაქტიკის გამომწვევი მიზეზები სპეციფიკურად საქართველოს მაგალითზე, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დაცვასა და საზოგადოებაში ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპების დაძლევას.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s