ბავშვების ივნისი

18768519_806386632871233_1533954740772842271_oავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

2000 წელს 5 წლის ვიყავი. იმ დროს ქვეყანაში სოციალურ–პოლიტიკური მოვლენები იმგვარად იყო აწყობილი, რომ საზოგადოება ე.წ. გრაფიკებს ელოდა. წყალი გრაფიკით, გაზი გრაფიკით, დენი გრაფიკით. ჩემი ასაკიდან გამომდინარე ვერ ვიაზრებდი რას ნიშნავდა საათებზე მორგებული რესურსები, თუმცა, ზუსტად ვიცოდი, რომ როგორც კი მზე ჩავიდოდა და ფანჯრებში დღის სინათლე გამუქდებოდა, ელექტროენერგია მოვიდოდა, მეც ველოდი იმ სასიხარულო 1 საათს, რომელიც გაანათებდა სახლს და ყოველ დღე ერთი და იმავე შეძახილით ვხვდებოდი – „მოვიდააა!“

2017 წლის 1 ივნისია ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. „მზიურის“ პარკში საგანგებოდ მოწყობილი სცენის წინ ვდგავარ და ბავშვების სურვილებს ვისმენ. მათ სთხოვეს, რომ დაასრულონ წინადადება „მე თუ მერად ამირჩევთ…“  ყურს ვუგდებ  მათს პასუხებს და მოლოდინი მაქვს, რომ ისეთ პირობებს გავიგონებ, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვინაიდან ბავშვური ლოგიკის მთავარ უპირატესობად  ყოველთვის არაბუნებრივის ბუნებრივად აღქმა მიმაჩნდა. სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამიმართლდა, რადგან სცენაზე უმრავლესობის დაპირება იყო „უფასო ინტერნეტი და პერსონალური კომპიუტერი ყველას“. ერთი მხრივ გამიხარდა, რომ ბავშვები ინტერნეტს, როგორც განათლების, გახსნილობისა და განვითარების საშუალებას ყველას უსურვებდნენ, თუმცა მეორე მხრივ მეწყინა, რადგან მათგან უფრო ფერადსა და უფრო „გაუგონარ“ დაპირებებს ველოდი. შესაძლოა ეს ჩემი ბავშვობის კომპლექსიც არის, ვინაიდან მე 2000–იან წლებში ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდებოდა ინტერნეტი, რომელსაც თან მოჰყვებოდა ყველაზე ჭკვიანი „გუგლი“ და ყველაზე კომუნიკაბელური „ფესიბუკი“.

უცებ დავფიქრდი ნეტავ, რაზე ოცნებობდა თბილისის ამჟამინდელი მერი ბავშვობაში და რა დაპირება ექნებოდა მას წლების წინ, მით უფრო, რომ მის ბავშვობაშიც არ იყო კომპიუტერი?! შემდეგ ისიც დავუშვი, რომ  მომავალი მერი შესაძლოა, მართლაც ამ ბავშვებიდან ერთ–ერთია და  ახლა საყოველთაო ინტერნეტიზაციას გვთავაზობს–მეთქი. ფიქრების ჯაჭვმა ბოლოს იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ ბავშვს არ უნდა ჰკითხო რას გააკეთებდა მერად არჩევის შემთხვევაში. მერად ყოფნა შეუზღუდავ შესაძლებლობებს არ ნიშნავს, განსხვავებით  ბავშვად ყოფნისგან, როცა  ნამდვილად მრავალმხრივი და მრავალფეროვანი რესურსები გაქვს, ამიტომ მე მათ ვკითხავდი ვინ გახდებოდნენ მომავალში და რატომ?

ცოტა რამ „მზის ფესტივალზე“ პროექტის ორგანიზატორებმა ღონისძიების წარდგენისას აღნიშნეს, რომ მათი მიზანი იყო „მზიური“ ერთი დღით ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქად ქცეულიყო, სადაც ბავშვების ჟრიამული არ წყდება და ყველა ბედნიერია.

„ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის“,–  აღნიშნა ჩარლი ჩაპლინმა საკუთარი შვილისთვის დაწერილ წერილში. ერთნირი, თანაბარუფლებიანი და თანასწორი გარემო იყო ყველა ბავშვისთვის 1 ივნისს „მზიურში“, სადაც ბავშვებმა ერთობლივად დადგეს ზღაპარი და დაამტკიცეს, რომ სპეციალური საჭიროება არ არსებობს. პირველად დამეუფლა  განცდა, რომ საზოგადოებაში არ იყო საჭირო ხაზგასმა, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაცია და ცნობიერების ამაღლება გვჭირდება, რადგან თანასწორუფლებიანი გარემო თავად ბავშვებმა შექმნეს, გარემო, რომელშიც არ არსებობდა სიტყვა „განსხვავებული“.  ჩვენ, უფროსებმა რომ შევწყვიტოთ მუდმივი სტიგმატიზაცია, რომ ზოგიერთი ადამიანი სპეციალურ საჭიროებებს მოითხოვს  და გადაჭარბებულად  პოზიტიური ან ნეგატიური კუთხით არ ვიმოქმედოთ, ვფიქრობ,  ბევრად ჯანსაღი და სრულფასოვანი გარემო გვექნება, მით უფრო, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს სპეციალური საჭიროების მქონე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s