ტრადიციები, რომლებიც შთამომავლობას არ უნდა გადავცეთ 

 231192496ავტორი: მაკო ჯაბუა

მსოფლიო გლობალიზაციის ფონზე სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს მცირე კულტურების იდენტიფიკაციის პრობლემა. მსოფლიო ცივილიზაციასთან ინტეგრირება, ხშირად კულტურული წარსულის სრულ იგნორირებას მოითხოვს. „ეს ერთგვარი პარადოქსია, როგორ გახდე თანამედროვე და ამავე დროს, დაუბრუნდე საწყისს, როგორ ააღორძინო ძველი ცივილიზაცია და იქცე  უნივერსალური ცივილიზაციის ნაწილად,“- წერდა პოლ რიკორი, გერმანელი ფილოსოფოსი. ტრადიცია გარკვეული სოციალური ჯგუფის ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობისთვის გადაცემული ადათები, წესები და ქცევის ნორმებია.

   საქართველო უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი სახელმწიფოა და თუ განვავრცობთ ზემოთ მოყვანილ ფრაზას, სწორედ ის ქვეყანა სადაც ბოლომდე შეგიძლია შეიგრძნო მისი ისტორიის ხანგრძლივობა და მნიშვნელობა. ის უძველესი და უმდიდრესი  ქვეყანაა, მრავალათასწლიანი ისტორიით, ტრადიციებითა და კულტურით, რაც ალბათ დამეთანხმებით რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა: ქართული ხალხური ცეკვა, სიმღერა, სამზარეულო, ლიტერატურა… თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში მავნე და მახინჯ ჩვეულებებს არა მხოლოდ ძველ დროში, ჩვენს ეპოქაშიც უხვად წააწყდებით.

  საქართველოს მსოფლიო იცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანას. ჩვენთან ძალიან აქტუალურია ქართული სუფრა და ღვინის ტრადიციები.  საქართველო უცხო თვალისთვის ხშირად, პირველ რიგში, გაშლილ სუფრასთან ასოცირდება. ბევრი ქართული სიმღერა სწორედ სუფრაზე და სმა-ჭამაზეა შექმნილი. რამდენიმე ათეული წლის წინ გადაღებული საბავშვო მულტფილმებიც მადის აღმძვრელი სიმღერებითაა გაჯერებული. არის შემთხვევები, როდესაც ირკვევა, რომ ბევრ ტრადიციას ადრე უფრო ჯანსაღად უყურებდნენ, ვიდრე თანამედროვე საქართველოში. ცნობილი ამბავია, რომ მე-19 საუკუნემდე სუფრაზე ღვინის უზომოდ სმა და მემთვრალეობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და კაცი, რომელიც სასმელში მხოლოდ გამოთრობის საშუალებას ხედავდა, საზოგადოებისათვის მისაღები არ იყო. ღვინოს საქართველოს მუსლიმი მეფეებიც კი სვამდნენ (მაგალითად: როსტომ ხანი, დავით ულუ და სხვები), მაგრამ მეფის მემთვრალეობასაც კი ვერ გუობდა ქართული საზოგადოება.

 დღეს ქართულ სუფრებზე ნამდვილი შეჯიბრია გამოცხადებული იმაზე, თუ ვინ უფრო მეტ ღვინოს დალევს და ბევრს ჰგონია, რომ სწორედ ესაა ნამდვილი და ღირებული ქართული ტრადიცია. ქართული სუფრისათვის ლამაზი სადღეგრძელოების გარდა კარგა გვარიანი ჩხუბებიცაა დამახასიათებელი. გამოთქმაცაა ასეთი – “ოცკაციან სუფრაზე ასკაციანი ჩხუბი გარდუვალიაო”. ან კიდევ: “ცუდი ქორწილი იყო, ჩხუბი არ ყოფილაო”. ჩხუბი და აყალმაყალი – ისეთი ფენომენია, რომ ზოგიერთის თვალში თავის ლაზათს ანიჭებს ქართულ სუფრას. არადა, ვითომ მართლაც არის ამ ფენომენში რაიმე ისეთი, ლამაზი და განსაკუთრებული? როდესაც ადამიანს ჩხუბი უნდა, მიზეზს რა გამოულევს? “ჭიქა ბოლომდე რატომ არ დალიე?!” “ჩემს ცოლს ცუდად ნუ უყურებ…” “კუთხე-კუნჭულების სადღეგრძელო იმერეთით რატომ დაიწყე?!” ასეთი და ამის მსგავსი სულელური მიზეზებით დაწყებული შეკამათებები ხშირად ძალიან ცუდი შედეგებით დასრულებულა და რა მოსთვლის “ტკბილ” ქართულ სუფრაზე დაჭრილ-მოკლულების რიცხვს.

პანაშვიდის და გასვენების რიტუალიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების კიდევ ერთი საინტერესო ნაწილია.რა თქმა უნდა ადამიანის გარდაცვალება საოცარი ტრაგედიაა.მიცვალებულის გაპატიოსნების პროცედურას თან სდევს უამრავი წარმართულ მართლმადიდებლური ტრადიციების ნაზავი, რომელიც საბოლოოდ “ქრისტიანულად” საღდება.

გარდაცვალების პირველსავე დღიდან იმაზე იწყება ზრუნვა, თუ ვინ იქნება და რამდენი ადმიანი იქნები ქელეხში,   ერთი შეხედვით ამ ყველაფერს მიცვალებულთან და გლოვასთან საერთო არაფერი აქვს,  გაუთავებელი ფსევდოტრაციები; რამდენი სანთელი უნდა ენთოს მიცვალებულთან? კუბოსთან ტაბლა გაიშალოს თუ არა? ( ღვინო, ტკბილეული და სხვა.) რა საჭმელი იდება მაგიდაზე და ასე შემდეგ. თამადის დანიშვნიდან დაწყებული გარდაცვლილის სულის ხსენებით, მისი მეუღლის, მეზობლების, ნათესავების, გამპატიოსნებლების დღეგრძელობით დამთავრებული. თუ შეზარხოშებულმა სუფრის წევრებმა დროის შეგრძნება დაკარგეს, სუფრის ბოლოს, კულმინაციურ მომენტში ოშხივარადენილი შილა აგრძნობინებს, რომ სახლში წასვლის დროა.

საქართველოს კუთხეები თავისი წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით გამოირჩევა და ამ შემთხვევაში, არც მიცვალებულის დატირების ერთფეროვნებას განვიცდით ქართველები. დასავლეთ საქართველოს ზოგ კუთხეში გლოვა ერთგვარ თეატრალიზებულ სანახაობას მოგაგონებთ. მაგალითად, სამეგრელოში მწუხარების გამძაფრებულად გამოხატვას მოტრალი ქალები კივილით, თმების გლეჯითა და პირისახის დაკაწვრით ახერხებდნენ. ადრე ასეთ დატირებას ხალხისთვის თავმოსაწონი დატვირთვა ჰქონდა. ეს ტრადიცია თანდათან სახეს იცლის, თუმცა ზოგ სოფელში მაინც დღემდე უჭირთ, რომ შეელიონ თეატრალიზებულ სანახაობას. დატირებისა და, ზოგადად ქელეხის ტრადიცია ქართულ ლიტერატურასა და ფილმებშიც არის გაშარჟებული.

მართლმადიდებლობასთან გაიგივებული მსხვერპლშეწირვის ტრადიციებიც უხვად არის შემორჩენილი. 21–ე საუკუნეში, საქართველოში კვლავაც ვხვდებით სისხლიანი მსხვერპლშეწირვისა წესს. ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მათთვის წმიდა  ადგილზე კლავენ შეწირულ ცხოველებსა თუ ფრინველს, შემდეგ კი იქვე ღრეობენ, თვრებიან და არცთუ იშვიათად ეს ღრეობა ჩხუბსა და სისხლისღვრაში იზრდება. ამასთან, მსხვერპლშეწირვას ხშირად აშკარად წარმართული რიტუალები ახლავს თან – არაქრისტიანული ლოცვების წარმოთქმა, საქონლის ბეწვის შეტრუსვა, ყურის გაჭრა, მათი სისხლით შუბლზე ჯვრების გამოსახვა, პირუტყვის კლდიდან გადაჩეხვა და ა.შ.

     საკლავის შეწირვის რიტუალი წინაქრისტიანული პერიოდისაა, თუმცა ჩვენში  ქრისტიანობასთან ძალიან მარტივად გაიგივდა. არსებობს თქმულება იმის შესახებ, რომ როდესაც თამარ მეფემ მთის მოსახლეობას ქრისტიანობა მიაღებინა, მათ მეფისა და ღმერთის ერთგულების ნიშნად თამარის ფეხქვეშ დიდი ჭედილა დაკლეს. ეს ადათი შემდეგ პერიოდში ქრისტიანულ რიტუალად წარმოჩინდა. საკლავის რქაზე დანთებული სანთელი და ბოროტი ძალების განსადევნად ცხვრის შუბლზე აჭრილი მატყლის დაწვა სწორედ ქრისტიანული და წარმართული რიტუალების სინთეზია. როგორც ამ ტრადიციის გამგრძელებლები ამბობენ, ყოველგვარი შეწირვა დაკავშირებულია სიტყვასთან. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“.  შესაბამისად, ქართველი კაცი ოდითგანვე ღმერთს დახმარებას სთხოვდა და შესაწირის შესახებ აღთქმას აძლევდა. ზოგი გარკვეულ თანხას ჰპირდებოდა, ზოგი – რაიმე ნივთს, უფრო ხშირად კი – ცოცხალ არსებას, საკლავს. ეს ტრადიცია 20 საუკუნეს ითვლის. ხალხს მიაჩნია, რომ ვინაიდან დღემდე მოაღწია, მაშასადამე, მართალი ტრადიციაა და ამის მოშლა არ შეიძლება. თვლიან, რომ ამ გზით ადამიანი უფალთან კონტაქტს ამყარებს და ამის აკრძალვა ხალხის მიერ აღთქმული და დამკვიდრებული აღთქმის ღალატიც იქნება და სარწმუნოებაზეც ცუდად იმოქმედებს. ჩვენში მსხვერპლშეწირვები ძირითადად საეკლესიო ან ხალხურ დღესასწაულებთან არის დაკავშირებული, ზოგჯერ კი, განსაცდელის ჟამს “შეთქმულ” ცხოველებს კლავენ. ამასთან, შესაძლოა, საკლავი ვინმეს სახელზეც დაიკლას, რომელიც, სასურველია, ამ რიტუალს თვითონაც დაესწროს. ტრადიციულად, ცხვრის მარჯვენა ბეჭი და ხშირად მთელი მარჯვენა ნახევარი სალოცავში რჩება. მშიერის და მწყურვალის დაპურება ამ რიტუალის მთავარი ელემენტია.

   სისხლის აღების რიტუალი მთებში დღესაც რჩება ძველი ტრადიციის მიმდევართა მთავარ სამსჯავროდ, ის შურისძიების ერთ- ერთი სახეობაა. ეს ჩვეულება მოითხოვდა დამნაშავის დასჯას, მის მოკვლას. ეს დაპირისპირება მიმდინარეობს მთლიან გვარში რადგან მოსისხლეებიად ითვლებიან მკვლელის მთელი გვარი. რამდენი მოკლულიცაა საწინააღმდეგო მხარეს იმდენის მოკვლის უფლება აქვს მტერსაც. თუმცა არსებობდა გამოსავალიც, დამნაშავე განსაზღვრულ თანხას აძლევდა დაზარალებულს და ამით აღწევდნენ შერიგებას.

     ტრადიცია მოიცავს სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს, რომლებიც არა მხოლოდ გადაეცემიან თაობიდან თაობას, არამედ ნარჩუნდებიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ტრადიცია განსაზღვრავს არა მარტო იმას, რა გადაეცეს მემკვიდრეობით, არამედ იმასაც, თუ როგორ გადაეცეს ის.  ზემოთ ჩამოთვლილი ტრადიციები,  “ძველ ბიჭობის”  ინსტიტუტთან ერთად, შთამომავლებისთვის, მხოლოდ ისტორიის სახით თუ შემოვინახავთ, კარგი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s