უკანონო კანონები

 ფოტოავტორი: მირანდა ცეცხლაძე

ბავშვობაში ხშირად მესმოდა ფრაზა „ქურდი ვარ“, ქურდული მენტალიტეტის მქონე მოზარდები საქმეს რომელიმე მიყრუებულ გადასახვევში „არჩევდნენ“, მოლაპარაკების შემთხვევაში ბრბო მალევე იშლებოდა და უბრუნდებოდა საყვარელ „ბირჟას“ „გასამაგრებლად“. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში კი, ხშირი იყო ფიზიკური შეურაცხყოფა. ფერადად დანახული შავ-თეთრი სამყარო, რომლის წევრობა დღესაც ბევრ ახალგაზრდას უნდა, არ კარგავს აქტუალობას.

ქურდული სამყარო- პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით მისი წევრებისთვის ან სხვა პირებისთვის სარგებლის მიღება.

ქურდული მენტალიტეტის ჩამოყალიბების ზუსტი დრო და ადგილი უცნობია, თუმცა   ყველაზე გავრცელებულ ვერსიად სტალინის რეჟიმის მიერ კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ხელოვნურად შექმნა არის მიჩნეული. მასობრივი რეპრესიების პირობებში, პატიმრებით გავსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში ბუნტისგან თავის დასაღწევად, საჭირო იყო, ავტორიტეტის მქონე არაფორმალური მმართველი, რომელიც დაარეგულირებდა სიტუაციას.

„ქურდული იდეოლოგიის“ მთავარი ღირებულებებია ფსევდოთავისუფლება და ფსევდოსიმართლე. მისი ძირითადი პრინციპები კი კანონთან წინააღმდეგობაა, ისინი ეწინააღმდეგებიან ყველას და ყველაფერს, რაც მათ „სამყაროს“ ეწინააღმდეგება. “ქურდულ სამყაროს” თავისი კანონები აქვს, რომელთა დარღვევა მკაცრად ისჯება. „ინსტიტუტი“,  რომელიც საერთოდ არ სცემს პატივს ადამიანების უფლებებს არამხოლოდ გამოარჩევს მათი მემკვიდრეობის გამაგრძელებელ პირებს, არამედ არჩევს პირებს რომლებსაც საზოგადოებისგან განდევნის და მათთან ურთიერთობას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს. გასულ საუკუნეში „ქურდული იდეოლოგია“ მკაცრად ორგანიზებული და ავტორიტეტული სტრუქტურა იყო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა კრიმინალის გაზრდასა და ნარკოტიკების გავრცელებაში.

2005 წელს საქართველოში მიიღეს კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ“. კანონის თანახმად დასჯადი გახდა ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობა და კანონიერი ქურდობა. ამასთან ქურდული სამყაროს წევრების ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა. კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლას და თავიდან აცილებას, აგრეთვე ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. სისხლის სამართლის კოდექსში კი ჩაიწერა, რომ (მუხლი 2231). ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით

რა შეიცვალა წლების შემდეგ და რა ხდება დღეს? მას შემდეგ რაც სახელმწიფომ კანონიერ ქურდებს ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა და “ქუჩები გაწმინდა”, იკლო ქუჩის ბოლოს ჩაკეცილი და ბენდენამოხვეული ახალგაზრდების გამჭოლმა მზერამ, თუმცა პრობლემა არ გამქრალა. კანონის სიმკაცრის თუ თაობათა ცვლილების მიუხედავად  ახალგაზრდები “სერიოზულ პრობლემებს” დღემდე ძველი და კაი ბიჭების დახმარებით ან “ქურდის” რჩევით აგვარებენ.

ამ ინსტიტუტის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ მანძილიც კი ვერ ქმნის დაბრკოლებას და  ვხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც აღფრთოვანებულნი ყვებიან როგორ შეარიგა დაპირისპირებული მხარეები “სახელიანმა და მონათლულმა” ქურდმა სკაიპით ჩართვისას. ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლისას და ქურდული სამყაროს კრიტიკისას მათი მხრიდან იკვეთება მთავარი არგუმენტები- კარგად აზროვნებენ და ეს სისტემა ესმით, უფრო დიდ კონფლიქტს ირიდებენ და ჩაგრულ ხალხს პრობლემებს უგვარებენ. ისინი არასდროს ითვალისწინებენ მთავარს, ამ ინსტიტუტის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ვიღაცის უფლებების შეზღუდვის ფონზე მიმდინარეობს და “მოგვარებული საქმეც” ვიღაცის ჩაგვრის და დაშინების შედეგადაა მიღწეული.

 თუ გგონიათ, რომ “კაი ბიჭის” დაიკოსთან კონფლიქტისთვის პასუხს არ მოგთხოვენ, “ზონაზე” შესაგზავნ ფულს აღარ აგროვებენ და ბიზნესმენებს საკუთარი კანონებით აღარ ბეგრავენ, მაშინ კარგად დააკვირდით ბირჟაზე ჩაცუცქულ ბიჭებს, რომელთა არსებობის იდეა იქამდე დავიდა, რომ აქ მაინც გაიკვალონ გზა. მართალია ქურდული სამყაროს გავლენა ქართულ საზოგადოებაზე შემცირებულია, მაგრამ ყური დაუგდეთ და გაიგებთ კონფლიქტის დროს ისმის ფრაზები „წამო გვერდით გავიდეთ“, “ბიძაჩემი კანონიერი ქურდია“ „ეს საქმე ქურდებმა უნდა გადაწყვიტონ“- მე ეს მესმის, და მაწუხებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის პოლიციაში დარეკვა „ჩაშვებაა“, მუშაობა „ტეხავს“, კანონის ფარგლებში ცხოვრება სირცხვილია, უკანონობა კი კანონია და ასე უაზროდ, უმომავლოდ და უსინათლოდ გადის დრო, უკვე მერამდენე წელია ქუჩაში ნათხოვარი სიგარეტის ღერივით, დროში იფერფლებიან შავ-თეთრი თაობები.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s