ინდივიდუალიზმის აუცილებლობაზე

photoავტორი: ლუკა სანიკიძე

ლიბერალიზმის ტრადიციაში,  რომლის უმთავრესი ფასეულობა თავისუფლებაა, ფუნდამენტური ადგილი უკავია ინდივიდუალიზმს. ამ იდეისთვის მთავარი ფოკუსი ინდივიდი  და მისი თავისუფლებაა. ინდივიდუალიზმისთვის მიუღებელია  ადამიანის თავისუფლების და უფლებების ხელყოფა  საზოგადოების, უმრავლესობის, სახელმწიფოს თუ სხვა ჯგუფების მიერ.

ინდივიდუალიზმის საპირისპიროდ  დგას კოლექტივიზმი, ამ იდეის მიხედვით ინდივიდი ემორჩილება არა საკუთარ თავს, არამედ ჯგუფს და მის ინტერესებს. კოლექტივიზმის მომხრეებისთვის ხშირად წარმოუდგენელია, რომ ინდივიდებს თავისუფლად და ნებაყოფლობით შეუძლიათ გაერთიანება, განვითარება და ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც შეიძლება ჭეშმარიტად საერთო ინტერესების მიღწევა.

მათ  მაგალითად მოჰყავთ ეგოიზმის აპოკალიფსური სცენარები, სადაც საზოგადოების მთავარი მტერი ვიღაცის პირადი ინტერესია, რაც იმ დასვკნამდე მიდის, რომ ინდივიდის პირადი ინტერესი ყოველთვის (ან ხშირად) სიბოროტეა საზოგადოებისთვის. ამ “ბოროტებასთან” ბრძოლაში  კოლექტივისტები   ხშირად გაუცნობიერებლად გვთავაზობენ ინდივიდუალიზმზე უარის თქმას და დამორჩილებას  ავტორიტეტისადმი (იქნება ეს დიქტატორი თუ მმართველი ჯგუფი), რომელიც ძალაუფლებით გააკონტროლებს საზოგადოების “სწორ” განვითარებას.

მსგავსი რიტორიკა  გვესმის არა მხოლოდ რიგითი პოპულისტებისგან, არამედ “ცნობილი” დიქტატორებისგანაც, რომლებმაც მილიონობით ადამიანი შესწირეს “დიდი საზოგადო სიკეთის“ სახელით, მაგალითად: სტალინი, მაო, პოლ პოტი, მუსოლინი და ჰიტლერი.  დიდი განსხვავების მიუხედავად მემარჯვენე ფაშიზმი/ნაციზმს  და მემარცხენე კომუნიზმი/სოციალიზმს შორის, სადაც პირველის იდეა რადიკალური რასობრივი იერარქიული საზოგადოებაა მეორეს კი უკლასო საზოგადოება, მათ ფუნდამენტალური საერთო აქვთ – კოლექტივიზმი.

კოლექტივიზმის პრობლემა არა მხოლოდ ინდივიდუალისტური და ნებაყოფლობითი საზოგადოების უარყოფაა, არამედ ინდივიდის პირადი მორალის ჩანაცვლება ჯგუფის საერთო “ეთიკით”, რომელიც პრაქტიკაში ამართლებს ნებისმიერ დანაშაულს თუ ის გუნდის “სიკეთისთვის” და იდეოლოგიის საჭიროებისთვის ხდება. სსრკ-ს, კამბოჯისა და ნაცისტური გერმანიის მაგალითზე ჩანს, რომ მორალი შეიცვალა რეჟიმის ეთიკით, რიგითი ადამიანისთვის წარმოუდგენელი შემზარავი დანაშაული გახდა უბრალო რეალობა.

როგორც აღნიშნა ჰანა არდენტმა თავის წიგნში “ბოროტების ბანალობა”, ჰოლოკოსტის ორგანიზატორი ადოლფ ეიჰმანი უბრალოდ ასრულებდა ბრძანებს და ემორჩილებოდა კანონს, რაც ნაცისტური გერმანიისთვის ეთიკურად სრულიად გამართლებული იყო,  ეიჰმანი არაერთხელ ამბობდა, რომ ის მხოლოდ სისტემის და ჯგუფის ნაწილი იყო და მას არ შეეძლო ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად აზროვნება.

იგივე იყო სხვა ტოტალიტარული რეჟიმების შემთხვევებში, მაგალითად, შემზარავი  გენოციდი კამბოჯაში, რომელმაც მოსახლეობის 1/3  (დაახლოებით 1,7—3  მილ.) გაანადგურა, რათა შექმნილიყო კომუნისტური აგრარული წყობა. ყველა  ამ საშინელების ჩამდენი უბრალოდ ემორჩილებოდა ბრძანებას და კანონს. ჰანა არდენტის დასკვნით ეიჰმანი არ იყო მონსტრი ან სოციოპატი, ის იყო სავსებით რიგითი ადამიანი, რომელსაც  არ შეეძლო დამოუკიდებლად აზროვნება, მას არ გააჩნდა პირადი ინდივიდუალური მორალური სისტემა. სახელი “ბოროტების ბანალობა” ამ შემთხვევაში კი იმიტომ არის შერჩეული, რომ არდენტის თქმით, პოტენციურად, ეიჰმანი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ჩვენგანი.

ნაცისტური გერმანიის, სსრკ და ბევრი სხვა ტოტალიტარული რეჟიმი, დიდი ხანია რაც აღარ არსებობს, მაგრამ კოლექტივიზმი ჯერ კიდევ ცოცხალია. კოლექტივიზმი არა მარტო ჯგუფია, სადაც ინდივიდი იზღუდება, არამედ  შეფასების სისტემაა, ყველა რასისტი, ქსენოფობი, სექსისტი, თუ  ჰომოფობი კოლექტივისტია, რადგან ისინი აფასებენ ადამიანს არა მისი პიროვნული თვისებებით და საქმით, არამედ მხოლოდ მისი ჯგუფური კუთვნილებით, იქნება ეს კანის ფერი, ეროვნება, სქესი, სექსუალური ორიენტაცია თუ სხვა, რაც ირაციონალურია, რადგან ასეთი შეფასების სისტემა არ ასახავს რეალობას.

კოლექტივიზმი დასავლურ ქვეყნებშიც ცოცხალია, განსაკუთრებით აშშ-ში,  ცალკე მარცხნიდან და მარჯვნიდან. მარცხენა ფლანგის ნაწილისთვის ინდივიდუალიზმი მეათე ხარისხოვანია. მთავარია მხოლოდ რა მარგინალური თუ პრივილიგირებული ჯგუფის წევრი ხარ, მოდაშია სიტყვის თავისუფლების დაცინვა, კომუნისტი დიქტატორების გამართლება,  ტრადიციულად კლასობრივი შურის თემით თამაში, ყველა არსებული პრობლემის, მხოლოდ მდიდართა კლასზე დაბრალება,  რაც ნაწილობრივ, უფრო “ლიბერალურად”, აგრძელებს მარქსისტულ  აზროვნებას იმის მიუხედავად, რომ მათი მხრიდან დისკრიმინაციის და მარგინალური ადამიანების პრობლემებზე საუბარი სულაც არაა მცდარი, ეს  მაინც  სასტიკად რედუქციონისტულად, ანტაგონისტურად და კოლექტივისტური  შეფასებებით ხდება, განსაკუთრებით ე.წ. “რეგრესული მემარცხენეების” მიერ. ამან ნაწილობრივ ხელი შეუწყო “ალტერნატიული მემარჯვენეების” (Alt-right) ფლანგის გამაგრებას, ტრადიციული მემარჯვენეებისგან განსხვავებით ალტერნატიული მემარჯვენეები ღიად არიან ქსენოფობები, ნაციონალისტები და ფაშისტები, ისინი ასევე ამართლებენ ნაცისტებს, მათივე მტერიც მდიდართა კლასია, მაგრამ ერთი პატარა განსხვავებით, მათ უმეტესად მდიდარ ებრაელებთან აქვთ პრობლემა.

Alt-right-ის ლიდერი, ე.წ. თეთრი ნაციონალისტი რიჩარდ სპენსერი თავის ვიდეო რგოლში მაყურებელს პირდაპირ ეუბნება, რომ მისი ვინაობა და ინდივიდუალიზმი საერთოდ არაფერს ნიშნავს, მისი თქმით თეთრი ადამიანის “ნამდვილი” “ვინაობა/იდენტობა” სინამდვილეში არის, რაღაც საერთო ევროპული ისტორიის ნაზავი. სპენსერი იყენებს ეპიკურ ისტორიულ სცენებს თითქოს ის არა ნეონაციზმს ყიდის, არამედ, რაღაც ახალ ვიდეო თამაშს (თუმცა ვიდეო თამაშები, ალბათ, ყველაზე პრო – ინდივიდუალისტური გასართობი საშუალებაა).

მაგრამ რას აკეთებს სპენსერი? აინ რენდის სიტყვები რომ გავიხსენოთ, ასეთი  მდაბიო კოლექტივისტური აზროვნება, როგორიც არის რასიზმი, აძლევს ადამიანს ავტომატურ თვითშეფასებას: ადამიანი უკვე დიდებულია, რადგან მას  იგივე წარმომავლობა და კანის ფერი აქვს, რაც ლეონარდო და ვინჩის (ან შოთა რუსთაველს), ის უკვე მამაცია, რადგან 1000 წლის უკან მისმა (შესაძლო) წინაპრებმა მოიგეს ისტორიული ბრძოლა, ის უკვე ჭკვიანი და კულტურულია, რადგან ბევრი მწერალი და მეცნიერი იყო თეთრკანიანი და ევროპელი.

ამ ავტომატური თვითშეფასებით ადამიანი, არა მხოლოდ ინდივიდუალიზმზე ამბობს უარს, არამედ ყოველგვარ  პასუხისმგებლობაზე თავის მოქმედებაზე, პირად მორალზე, ამბიციასა და დამოუკიდებლობაზე. როგორც ფუტკარი ის მიჰყვება ამ კომფორტულ კოლექტივისტურ აზროვნებას, რომლიც მეტად ამარტივებს ადამიანის ცხოვრებას,  რაც ბევრისთვის მიმზიდველია. პირადი მოქმედება უკვე მეორე ხარისხოვანია, შედეგად ჩვენ ვიღებთ ახალ ეიჰმანს. აშკარაა, რომ კოლექტივიზმი ხელს უწყობს ტოტალიტარული რეჟიმების შექმნას. შესაბამისად მსგავსი რადიკალურად ნაციონალისტური და რასისტული იდეოლოგიები, ან იგივე ისლამური სახელმწიფო, განსაკუთრებით იზიდავს დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს, რომლებსაც  პიროვნული პრობლემები და კომპლექსები გააჩნიათ, რაც მათ ხდის მანიპულაციის ადვილ სამიზნეებად.

მაგრამ თუ ადამიანები  ოდესმე იყვნენ ახლოს ინდივიდუალიზმის იდეალებთან, ეს დღეს არის, ურბანიზაციამ და ცხოვრების ხარისხის ზრდამ დიდი ზეგავლენა იქონია ადამიანის ცხოვრებაზე, ადამიანი მოსცილდა სოფლის პრიმიტიულ და ტომურ ცხოვრების სტილს,  პირადი ინტერესების გამო ბევრი ადამიანი ნაკლებად დაინტერესებულია ნაცისტური ან კომუნისტური რევოლუციით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოლექტივიზმი არ არის საფრთხე, პირიქით თუ საქართველოსთან შედარებით მეტად განვითარებული და ინდივიდუალისტური დასავლეთის  მოვლენებს გავიხსენებთ, რისკები ჯერ ისევ რეალურია, არაფერს ვამბობ, თუ რამდენად სერიოზული საფრთხეა უფრო კოლექტივისტურ და ტომურ საქართველოში, ყველა ადამიანმა, ვისთვისაც თავისუფლება ფასეულია, უნდა გააცნობიეროს, რომ თავისუფლების იდეა არაფერს ნიშნავს ინდივიდუალიზმის გარეშე, თავისუფლების მომხრეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა საზოგადოებაში ეს იდეა გამყარდეს და მოხდეს კოლექტივისტური საფრთხის შეჩერება ადრინდელ სტადიაში.

მხოლოდ იმ საზოგადოებაში ჩნდება ნამდვილი კოოპერაცია, მშვიდობა და  პროგრესი, სადაც თითოეული ინდივიდის თავისუფლება ჭეშმარიტი ფასეულობაა და დგას არა ძალადობაზე, კოლექტივიზმზე, ზიზღსა და შიშზე, არამედ თავისუფლებაზე, მორალზე, ნებაყოფლობითობის პრინციპსა და ინდივიდუალიზმზე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s