„გადაგვჭამენ უცხოელები“ ანუ ქსენოფობია სოციალურ მედიაში

ავტორი: ეკატერინე ჯანიაშვილი

ქსენოფობია თავისი კლასიკური გაგებით უცხოელთა მიმართ სიძულვილს და გარკვეული ერის წარმომადგენლების შიშს ნიშნავს, რომ მათ იდენტობას საფრთხე შეექმნება. უფრო მარტივად, ჩვენთან ეს ცნება ამ ფრაზაში გამოიხატება – „ქართველობას გვართმევენ, ხალხო“.  საკმაოდ უცნაურ დამოკიდებულებაშიც, რომ ხანძრების გაჩენის მიზეზი უცხოელების ჩვენს ქვეყანაში შემოშვებაა, გაუთავებელ „კიბერ ომებსა“ და აღშფოთებებში, რომ რაღაც ძალიან შემოგვეჩვივნენ ეს ირანელ-თურქ-ინდოელ-ჩინელები და ჩვენს მანდილოსნებს თავგზას უბნევენ. ჰო, ასეთი ფრაზები ხშირად გვესმის და ვხედავთ, თუმცა არ ვფიქრობთ, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ქსენოფობიის გამავრცელებელი ხშირ შემთხვევაში სოციალური ქსელებია. ალბათ, ქართველი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი იყო ჩართული რამდენიმე ხნის წინ გამართულ ე.წ. „მიმების ომში“, რომლის დროსაც ქართული და თურქული „Facebook“ გვერდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო სარკასტულ კოლაჟს გააკეთებდა ერთმანეთის ისტორიის, ასე რომ ვთქვათ, სამარცხვინო დეტალებზე. ქართველები მთელი მონდომებით ვქმნიდით „მიმებს“ დიდგორის ბრძოლაზე, ხოლო თურქების მთავარი შემოტევის წერტილი ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა იყო. თავიდან ამ „ბრძოლას“ ყველა ხუმრობით უყურებდა, თუმცა, ბოლოს ვითარება ისე გამწვავდა, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც კი ჩავრთეთ ფრონტზე და ერთად ვიბრძოდით ერის ღირსების შელახვის წინააღმდეგ. საბოლოოდ, „ცივი ომის“ კიბერ ვარიანტი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა დაგვრჩა საკმაოდ ცუდი შედეგი – ადამიანებმა ხუმრობა ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან და ქვეცნობიერში „თურქოფობია“ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც აგრესიულ კომენტარებსა და შეხედულებებში გამომჟღავნდა. ასეთ, ერთი შეხედვით უწყინარ, სასაცილო თამაშს შეუძლია ხალხში ქსენოფობიური შეხედულებების გაღვივება.

რაც შეეხება სოციალურ მედიას-სიტუაცია არც აქაა სამააყო. თითქმის ყოველდღე ვხვდებით ახალ ამბებს, რომლებშიც მაქსიმალურადაა ხაზგასმული და წარმოჩენილი ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენთა ეროვნება. ჟურნალისტმა არ უნდა წარმოაჩინოს ეროვნული მიკუთვნებულობა იმ შემთხვევათა გარდა, რომლის დროსაც ეს აუცილებელია. ამ ტიპის ახალ ამბებში კი, თითქოს, განზრახაა წინა პლანზე წამოწეული ეს ელემენტი. კრიმინალურ შემთხვევებზე ეროვნების ხაზგასმისას ამ ერების მიმართ ჩნდება ქსენოფობიური, სტერეოტიპული დამოკიდებულება, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს მთელი ერი ასეთი ცუდია და სწორედ უცხოელების ჩამოსვლის გამო იზრდება დანაშაულთა რიცხვი. ამის გამო ადამიანები ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნება, თუ ტურისტებისა თუ მიგრანტებისგან იზოლირებული ვიქნებით, რაც რადიკალურ შეხედულებებსაც აქეზებს და ერს ნაციონალისტური ფუნდამენტალიზმის საფრთხეში აგდებს. არ იქნება უსაფუძვლო, თუ ვიტყვით, რომ სწორედ ასეთი მცდარი წარმოდგენების შედეგი იყო ჩვენი მხრიდან იმ ინდოელი ქალის მიმართ აგრესია, რომელსაც აეროპორტში დამამცირებლად მოეპყრნენ. იმის ნაცვლად, რომ ჩაღრმავებოდნენ მისი უკმაყოფილების მიზეზებს და პრობლემა აეროპორტის მომსახურებაში ეძებნათ, კომენტარებში მსგავს ფრაზებს წავაწყდებით: „ეგრე ყველა უნდა გაყარო… ამათ ნამყოფ აუდიტორიაში ვერ შეხვალ…“

სოციალური ქსელების უდიდესი პრობლემა იარლიყების შექმნაცაა. მაგალითად, სტერეოტიპი, რომ ჰომოსექსუალი ადამიანი აუცილებლად ევროპელია და მსგავს მასალებზე დართული ფრაზა „აჰა, თქვენი ევროპაც“, შესაბამისად, ამართლებს. ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება ყალბ ინფორმაციასთანაც გვქონდეს, ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ იყოს ევროპელი ან კადრი კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყოს. თუმცა, ბევრი ჩვენგანი გარემოებებზე საერთოდ არ ფიქრობს, ხედავს ერთი შეხედვით, ნამდვილ ფაქტს და გონებაში უარყოფითი დამოკიდებულება უვითარდება.

სოციალურ მედიასა თუ ქსელებში მსგავს მოვლენებს, ალბათ, მომავალშიც ძალიან ხშირად წავაწყდებით, ადამიანებს ისევ ჩამოუყალიბდებათ სტერეოტიპები, რადიკალური დამოკიდებულებები ქვეყნის ვიზიტორების მიმართ და იფიქრებენ, რომ ამით საკუთარ ერს იცავენ. არადა,  პატრიოტიზმი ხომ სულაც არ ებრძვის ტოლერანტობას და არ ანიჭებს რომელიმე ერს უპირატესობას.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s