პოპულისტური საარჩევნო დაპირებები

22657437_1520000154759311_65581976_nავტორი: დავით მჟავანაძე

მას შემდეგ რაც საქართველოს ისტორიაში დაიწყო პარტიული წარმონაქმნების ჩამოყალიბება,  პოპულიზმი იყო  პარტიების თვითდამკვიდრებისა და საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვების საშუალება. მას შემდეგ თითქმის 100 წელი გავიდა და პოპულიზმი არ კარგავს თავის აქტუალობას. ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ ბევრ პოლიტიკოსს, პარტიას, რომელიც ახერხებს ამ პოპულისტური მიდგომებით  ხალხის მასებში გავლენის მოპოვებას. თუკი უახლოეს წარსულს გადავხედავთ, მრავლად აღმოვაჩენთ დღეს მოქმედი პოლიტიკური პარტიების (ხელისუფლებაში მყოფისაც) გაცემულ პოპულისტურ დაპირებებს იქნება ე.წ უფასო ფული, იპოთეკური სესხის დაფარვა, მილიონობით ლარის ჩარიცხვა თითოეული სოფლისთვის, ყოფილი მმართველი პარტიის წევრების საჯაროდ გასამართლება, რომელიც კანონით დაუშვებელია და ა.შ.

პოპულიზმი არც დამდეგი, ადგილობრივი არჩევნებისთვის არ კარგავს აქტუალურობას, განსაკუთრებით კი დედაქალის მერობის კანდიდატებში. სატელევიზიო თუ სხვა სახის საარჩევნო პოლიტიკურ რეკლამებში ჩვენ შეგვიძლია თვალი მოვკრათ სხვადასხვა მერობის კანდიდატთა იმგვარ დაპირებებს, რომელთა შესრულების არანაირი რესურსი, მერს არ აქვს. არის სხვა შემთხვევბიც, როცა მერს შეუძლია შეასრულოს პოპულისტური დაპირებები, თუმცა გზა, რომელსაც პრობლემის მოსაგვარებლად დაისახა, რეალურად უშედეგოა. ის უბრალოდ გათვლილია საზოგადოების გარკვეულ მასებზე, რომლებიც მოწყვლადნი არიან ამგვარი პოპულისტური დაპირებებით, აქვთ საარჩევნო ხმის უფლება, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს უკვე არჩევნების ბედს.

ასეთი სახის პოპულისტური დაპირებაა თუნდაც რომელიღაც მედიკამენტის საბაზრო ღირებულების გაიაფება, რომელიც საერთოდაც არ შედის მერის კომპეტენციაში, თუმცა იცის რა რომ ეს კონკრეტული დასახელების წამალი და მედიკამენტების სიძვირე სერიოზული პრობლემაა ქალაქის და მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისთვის, იძლევა იმის დაპირებას, რისი მოგვარებაც რეალურად მას არ შეუძლია და ამით მანიპულირებს ამომრჩეველზე.

არიან კანდიდატები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ან მათი გუნდის წევრების უპირატესობანი დაამტკიცონ მხოლოდ და მხოლოდ იმითი, რომ ისინი 4, 5 თაობის ვაკელები არიან და თურმე ესაა იდეალური საფუძველი იმისა, თუ რატომ იქნებიან ისინი კარგი მერები, გამგებლები ან საკრებულოს წევრები.

პოპულიზმის სხვა ხარისხია, როდესაც კანდიდატს პროგრამა არ აქვს და  უშუალოდ ტელედებატების დროს იგონებს ისეთ ოქროს იდეებს, როგორებიცაა ქალაქის გზისპირა შენობების პირველი სართულების აღწერა და იქ საფეხმავლო ტროტუარების განთავსებაა. ერთ-ერთი კანდიდატი კი, დაფიქრდა რა, რომ ამომრჩეველთა ძირითადი ნაწილი პენსიონერი მოსახლეობაა, მათი გულის საამებლად ათობით ლარის მომატებას ჰპირდება ქალაქის მოსახლეობას. არადა, რეალურად ეს სულაც არ არის გამოსავალი არც პენსიონერთა მდგოამრეობას გასაუმჯობესებლად და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ამგვარ ფულად დახმარებებს არანაირი დადებითი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს გაფლანგული ფულია. თუმცა მხოლოდ პენსიაზე დანამატს ვინ დაეძებს, იმდენი რამის „ვაუჩერიზაციას“ აპირებენ, მგონი სათვალავი აერიათ და ალბათ ამ პროგრამის შესრულების შემთხვევაში მხოლოდ სუნთქვა თუ დარჩება ქალაქში ისეთი, რასაც ვაუჩერი არ დასჭირდება.

დანარჩენი მერობის კანდიდატებიდან ზოგიც ტრაქტორისტებს ეჩხუბება ნუ ააშენე კორპუსიო და რაც შეუძლია ხმამაღლა უღრიალებს ამას, აქაოდა და კამერები მიღებენო. თითქოს სულ ტრაქტორისტის ნებაზე იყოს დამოკიდებული სად რა აშენდება, ან კიდევ ამ ავადსახსენებელი სითი პარკის მოცილების მეტად ორიგინალურ მეთოდს გვთავაზობს, დასაჯარიმებლად მოსულ „სითი პარკის“ თანამშრომელს თურმე მანქანა არ უნდა გავატანოთ და კინწისკვრით გავაგდოთ ჩვენი სიახლოვიდან.

მმართველი პარტიის კანდიდატის წინადადებების 80- 90% იმაზე ლაპარაკს შეეხება თუ რა ტრადიციები დაგვიტოვა ჩვენმა წინაპრებმა, რომ ჩვენს შვილებს უნდა მოვუაროთ და ჩვენს დედა ბუნებას გავუფრთხილდეთ,  ახალ მეთოდსაც მიაგნო, ყველა იმ პროექტს, რომელიც ქალაქში ან ქვეყანაში გაკეთებულა იქნება ეს სკოლის მოსწავლეებისთვის წიგნების დარიგება, მეტროსადგურების აშენება თუ სხვა, რაც რეალურად სხვადასხვა სამინისტროების მიერ შესრულდა და ქალაქის მერიას ან მერს ამასთან კავშირი არ აქვს, უცებ თვითონ მიიწერს ან მოქმედ მერს მიაწერს.

ამგვარად პოპულიზმი ისევ და ისევ განაგრძობს არსებობას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და სამწუხაროდ საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილიც უკავია მას. როდემდე უნდა გაგრძელდეს და აქვს თუ არა ამ ყველაფერს დასასრული, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებოს, რადგან არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. მაგრამ თუ კი გავითვალიწინებთ იმას, რომ პოპულიზმით მოწყვლადნი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან ჩახედულნი სახელმწიფო საკითხებში, აქვთ მკვეთრად სუბიექტური დამოკიდებულებები მთელ რიგ საკითხებზე და შორს არიან მოვლენების ლოგიკური განსჯისგან, ალბათ პოპულიზმის როლი ქართულ პოლიტიკაში შემცირდება მაშინ, როცა ასეთი ტიპის  ამომრჩეველზე მომუშავე პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები საბოლოოდ გამარგინალიზდებიან და ყველასთვის ცალსახა იქნება, რომ ისინი რეალურად ვერაფერს და არაფერს შეცვლიან და საჭიროა მათი პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლა, რათა მათი ადგილი დაიკავოს სხვა ადამიანებმა და ჯგუფებმა, რომელთაც ექნებათ რეალურად განხორციელებადი გეგმები ქვეყანაში არსებულ მთელი რიგი პრობლემების მოსაგვარებლად.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s