სოციალური ურთიერთობების დეფიციტი

socავტორი: სალომე ელისაშვილი

ადამიანი სოციალური არსებაა. ეს თვისება მისი ბუნებიდან გამომდინარეობს. მაგრამ, დროის ცვალებადობასთან ერთად, ის უფრო თვითკმარი ხდება, საკუთარი თავით არის მოცული და გარშემომყოფებით აღარ ინტერესდება. ალბათ, ყველას გინახავთ ბავშვი, რომელიც თანატოლებთან ერთად ეზოში კი არ თამაშობს, ხელში სმარტფონი უჭირავს და პროგრამული მანიპულაციებით ირთობს თავს. მოზარდი, რომელიც თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად კი არ ატარებს, არამედ კომპიუტერთან ზის, რადგან მისთვის ასე უფრო მარტივი და მოსახერხებელია. ასეც ხომ შეიძლება მეგობრებთან ჰქონდეს კონტაქტი, თანაც ისე, რომ სახლიდან გასვლა სულაც არ მოუწევს. ანდაც, მოზრდილები, რომლებსაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ჯგუფურ შეხვედრებზე მეტად ფეისბუქის „სქროლვა“ ემარტივებათ.

რეალური ურთიერთობები თანდათან ვირტუალურმა ჩაანაცვლა. თითქოს, ეს უფრო მარტივი გზაა მეგობრების შესაძენად. სოციალურ ქსელში ადამიანი უფრო თამამი და გაბედულია. თითქოს, ინტერნეტ-სამყარო ნიღაბია, რომელიც საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში ეხმარება. მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ აღარ საუბრობენ. უჭირთ „ნიღბის“ გარეშე თამაში. სათქმელი რომ არაფერი აქვთ, ხელში მობილურს იღებენ და ამ გზით გაურბიან რეალობას. მათთვის რთულია პირისპირ საუბარი, თავს დაუცველად გრძნობენ და შფოთავენ, მაგრამ რატომ თავადაც ვერ აცნობიერებენ. ეს კი სოციალური ურთიერთობების დეფიციტზე მიგვანიშნებს. 90-იანი წლების საქართველოში „ეზოს“ ტრადიცია არსებობდა. ეს ერთადერთი იყო, რაც ამ წლებს აზრს სძენდა – მეტი ურთიერთობა, მეტი გულწრფელობა და ურთიერთგაგება აბედნიერებდა ხალხს. დღეს კი, ბავშვები კომპიუტერს მიეჯაჭვნენ, აღარ თამაშობენ მეგობრებთან, არ უნდათ სახლიდან გასვლა. მხოლოდ ინტერნეტ სამყარო აინტერესებთ.

ავშვებისთვის თამაში ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ პროცესის დახმარებით ეგუება გარემოს და ეჩვევა ადამიანებსაც. ავარჯიშებს სხეულსა და გონებას. ის ხელს უწყობს ბავშვის სწორად განვითარებას, როგორც ფიზიკური, ისე კოგნიტური და სოციალური კუთხით. ბავშვი თამაშის დროს აგროვებს ინფორმაციას, ავარჯიშებს წარმოსახვის უნარს, მერე კი, როცა სკოლაში შედის, უფრო მარტივად ახერხებს მისთვის განკუთვნილი დავალებების შესრულებას. აღარ უჭირს თანატოლებთან ურთიერთობაც, უფრო მობილიზებული და სხარტია, მოტორული უნარებიც მეტად დახვეწილი აქვს და უფრო მოქნილია. ეს ყველაფერი კი ურთიერთობის პროცესში ხდება, ურთიერთგაცვლისა და გაზიარების ხარჯზე. ინდივიდი მარტო ვერ განვითარდება, მას სხვა ადამინები სჭირდება, რათა უკეთესი გახდეს, უფრო ძლიერი და ჭკვიანი იყოს. სკოლა ის დაწესებულებაა, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აქ ბავშვები კოგნიტურადაც ვითარდებიან და სოციალურ უნარ-ჩვევებსაც ეუფლებიან.

პირველყოფილური საზოგადოებიდან მოყოლებული, ადამიანები ადამიანებს „ეძებენ“. მარტო გადარჩენა რთულია, ჯგუფურად მარტივად გაუმკლავდები სირთულეებს. ასე ფიქრობდნენ ოდესღაც, როცა მტერთან პირისპირ გამკლავება უწევდათ, როცა საკვების მოძიება პრობლემა იყო. დღეს ადამიანებისგან, პირდაპირი სახით, ასეთი სარგებელი აღარ არსებობს. ადამიანი განვითარდა და დაიხვეწა, მაგრამ მას არ შეუცვლია ბუნება. ის გენეტიკურად მიდრეკილია, იყოს სოციალური. ადრე ეს ხერხი ფიზიკურად გადარჩენისთვის სჭირდებოდა, ახლა კი, მას სოციალური დატვირთვა აქვს. თანადგომა, თანაგრძნობა, დახმარება, მხარდაჭერა – ეს ის ადამიანური გრძნობებია, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ. ამას კი, კომპიუტერის მეშვეობით ვერ გააკეთებ.

ერთი სიკეთის ხარჯზე მეორის დათმობა უსარგებლოა. კომპიუტერული უნარ-ჩვევები ადამიანებს უფრო მოქნილსა და სხარტს ხდის, მაგრამ თავის მხრივ, ემოციებისგანაც ცლის მათ. ადამიანები ემპათიის უნარს კარგავენ, აღარ ადარდებთ სხვათა პრობლემები. თუ ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენ გარშემო უფრო მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები იცხოვრებენ, თუმცა, მათ აღარ ექნებათ ის უმთავრესი, რასაც მეცნიერები, ემოციურ ინტელექტს უწოდებენ. ეს კი პროგრესს სულაც არ გულისხმობს.

სოციალური ურთიერთობის მნიშვნელობა თითოეული პიროვნებისთვის მართლაც განუსაზღვრელია. მის გარეშე ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, რაც ყველაზე მთავრი მოტივაციაა. ადამიანები მუდმივად გამოწვევის წინაშე დგანან – რეალური თუ ვირტუალური, ხელშესახები თუ აბსტრაქტული, ადამიანური თუ მექანიკური? – არჩევანი ჩვენს ხელთაა. მაგალითის მიცემა და მოდელირებით დასწავლა ყოფით ცხოვრებაში ძალიან ეფექტურად მუშაობს. ბავშვები უფროსებისგან სწავლობენ, თავის მხრივ, უფროსებიც სწავლობენ ბავშვებისგან. თუ გვსურს, უკეთესობისკენ შეცვლა, ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ იმას, თუ რა მაგალითს ვაძლევთ სხვებს. თუ უფრო ყურადღებით ვიქნებით, შევძლებთ არ ჩამოვრჩეთ  თანამედროვეობასა და მის გამოწვევებს და ამასთან,  ადამიანურ ურთიერთობებსაც შევინარჩუნებთ, რადგან დღევანდელ სამყაროში ორივე მათგანი თანაბრად ფასეული, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. თუ გვსურს განვვითარდეთ, ეს ყოველმხრივ უნდა მოხდეს და არა, რომელიმე კონკრეტული ასპექტის უარყოფის ხარჯზე.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s