პოლიტიკა – მხოლოდ პარლამენტარების საქმე

1489168647-acluავტორი: თამთა მელიქიძე

ადამიანები იმდენად დაკავებულები ვართ ჩვენი პრობლემებით, რომ დრო არ გვრჩება დავფიქრდეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები ან კონსტიტუცია. თუმცა რა საჭიროა ამაზე ზედმეტი ფიქრი, როცა გვყავს პოლიტიკოსები, მათ ხომ ჩვენ „ვქირაობთ“ რათა მსგავს საკითხებზე იფიქრონ. სწორედ ამგვარი მიდგომისა და გულგრილი დამოკიდებულების გამოა ქვეყანაში უამრავი პრობლემა, რადგან ჩვენ მაგივრად აზროვნება, ფიქრი სხვა ადამიანებს არ უნდა ვანდოთ.

პოლიტიკა და სახელმწიფოს მართვა მხოლოდ პარლამენტარების პრეროგატივა არ არის. თითოეული მოქალაქე ჩართული უნდა იყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ვინაიდან მოქალაქეობა მხოლოდ უფლება არ არის, პირველ რიგში იგი არის მოვალეობა, პასუხისმგებლობა სხვა თანამოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინაშე, რაც გულისხმობს, რომ სულ მცირე, უნდა ინტერესდებოდე მაინც შენ ქვეყანაში არსებული ვითარებით. არაა აუცილებელი იყო პოლიტიკოსი რომ გაეცნო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, როგორც სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ხდება.

არჩევნები და კონსტიტუციაში მიმდინარე ცვლილებები რაღაც განყენებულ, „მხოლოდ რჩეულთა“ ხვედრი არ არის და ყველა ჩვენგანს ეხება, გვინდა ეს თუ არა. ვინაიდან ვართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ვალია დავემორჩილოთ მის კანონმდებლობას შესაბამისად,  კონსტიტუციითაც უნდა დავინტერესდეთ, რადგანაც იგი უზენაესი, კანონთა კანონია,  რომელსაც ვემორჩილებით და რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ, იმისდა მიუხედავად გააზრებული გვაქვს თუ არა ეს. თუმცა, ადამიანთა ქცევა ყოველთვის ლოგიკური როდია. ფაქტია, მხოლოდ მაშინ გვახსენდება ჩვენი უფლებები, როდესაც მას ან ზღუდავენ ან რაიმე საფრთხე ემუქრება. მანამდე, კი ვიცით რომ არსებობს „რაღაც“ კონსტიტუცია და იქ წერია „რაღაც“ ჩვენი უფლებების შესახებ, რა ჩანაწერია, ამით არ ვინტერესდებით, რადგან ეს იურისტების „საქმეა“. სწორედ ასეთი მიდგომაა პრობლემა. ამას ამტკიცებს ის, რომ ბაკალავრიატ დამთავრებულ ადამიანებსაც კი კონსტიტუცია დიდი, სქელტანიანი წიგნი ჰგონიათ და როცა დაინახავენ, რომ იგი ერთი „ფარატინა“ წიგნია იმედგაცრუებულები რჩებიან. ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, და საერთოდ კონსტიტუციაში ცვლილებები რომ შედის, ამ ფაქტზე წარმოდგენა რომ არ აქვს მაგისტრატურის სტუდენტს, ეგეც პრობლემაა. თითქოს მხოლოდ იურისტებს ეხებოდეთ კონსტიტუციის ნორმები და ადამიანის უფლებები.

პრობლემების სათავე კი პოლიტიკური განათლების არქონაა, ამ ტერმინისაც კი ხშირად არასწორი მნიშვნელობით იგებენ და პირდაპირ პოლიტიკოსთან ან პოლიტიკასთან აკავშირებენ. პოლიტიკური განათლება კი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვითცნობიერება, ცოდნა შენს უფლებებსა და თავისუფლებებზე სახელმწიფოს მიმართ, ასევე შემხვედრ ვალდებულებებზე.

კონსტიტუცია შექმნილია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და ის ყველას თანაბრად ეხება. მასში შეტანილი ცვლილებები, რომელზეც დღეს შეიძლება წარმოდგენაც არ გვაქვს, ადრე თუ გვიან ყველა ადამიანის ცხოვრებაზე აისახება. შემდეგ კი არასწორი იქნება მხოლოდ სახელმწიფოს დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმ უარყოფით შედეგებზე, (თუ დადგება), რომლებამდეც შეიძლება ჩვენივე ინდიფერენტულობამ მიგვიყვანოს. სახელმწიფო ეს ვართ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ვქმნით ამ სახელმწიფოს და ვცხოვრობთ მის მიერ განსაზღვრული წესებით. ასე რომ თუ გვსურს ოდნავ მაინც უკეთესი სახელმწიფოს მოქალაქეები გვერქვას, ჩვენი თავით უნდა დავიწყოთ ცვლილებები, ეს ცვლილებები კი მოიცავს მეტ სამოქალაქო აქტივიზმს და დაინტერესებას სახელმწიფოს შიდა პოლიტიკით.

 მელიქიძე თამთა

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s