დამკვირვებელი ანუ არავინ

22780435_877931519050077_112304777403337270_n

ფოტო: ლიბცენტრი/ნინი ოთინაშვილი

ავტორი: კესო ჭუმბურიძე

41,41,41………5, 5, 5….2,8, 10, ბათილია , გაუქმებულია, გადახაზულია – დღის ბოლოს ეს სიტყვები იმ მექანიკურად დაზეპირებული ლოცვასავით ჩაგესმის, რომლის აზრიც ვეღარ გაგიგია და ხვდები, რომ დაემსგავსე ამომრჩეველთა იმ უმრავლესობას, რომელმაც სრულიად ალოგიკურად შემოხაზა ნომრები ბიულეტენებში.

თავიდან გსიამოვნებს დამკვირვებლობა, უბანზე არსებული პატარა ხმაურიც მოგწონს და იმაზეც გაქვს პრეტენზია, რომ შენს ქვეყანაში სამართლიანი, დემოკრატიული  არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ დღის ბოლოს იმასაც კარგად ხვდები, რომ ,,ვიღაცებმა” უკვე შენი სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს და შენი პრეტენზიებიც თანდათან ხელიდან გეცლება. ბოლო საათებში გულმოდგინედ ებღაუჭები ერთი-ორ კინკილა პრეტენზიას, მაგრამ აქ უკვე სხვა  ,,ვიღაც” გახსენებს, რომ კარგი საქმისთვის ,,მედალს არავინ დაგკიდებს ”. ამ სიტყვებს, რა თქმა უნდა, უკვე მრავალჯერ ყელში ამოსული ღიმილით გეუბნება და თანდათან რაღაცას გაგუებს. ბოლომდე ვერ ხვდები დადგმულია ეს ყველაფერი, თუ შენ ხარ ისეთი ეჭვიანი, რომ ყველგან რაღაც გელანდება. ,,ვიღაც” ამბობს, რომ ესტონეთში არჩევნები ელექტრონულად ტარდება და დაახლოებით ოც წელში საქართველოშიც ასე იქნება. ,,ვიღაც’’ იმასაც ამბობს, რომ კომისიის წევრები ერთი ოჯახივით არიან და შენც აღარ გიკვირს, რატომ იცნობენ კომისიის წევრები უბანზე მოსულ ყველა ამომრჩეველს.  დღის ბოლოს  ,,ვიღაცის’’ ტელეფონზე  საუბარი ჯადოსნური სიტყვებით  (,,ხომ დაგპირდი, ეს უბანი ჩაგბარდებოდა’’) მთავრდება. შემდეგ ამბობენ, რომ თვენახევრიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო, ამომრჩეველმა შეძლო გაეკეთებინა ,,სამართლიანი’’ არჩევანი და არცერთ კოორდინატორს არ დაუძალებია მისთვის უბანზე მისვლა, არც მისი სახელი და გვარი ჩაუნიშნავთ უბნიდან გამოსვლის შემდეგ. ,,სამართლიან არჩევნებს’’ თავისი წესები აქვს.  ერთ ამომრჩეველს უფლებას  არ აძლევ  ხმა 1991 წელს აღებული პასპორტით მისცეს. პასპორტით, რომელსაც მოქმედების ვადაზე დახედვის გარეშეც ეტყობა, რომ ვადაგასულია. ამას რეგისტრატორიც ხვდება, მაგრამ შენ უნდა ედგე გვერდზე რატომღაც და რაღაც აუკრძალო, სხვას ახსენებ, რომ ბიულეტენები კონვერტის გარეშე არ ჩააგდოს ყუთში და უკვე საჭიროდ გრძნობ თავს.

დღის ბოლოს სხვადასხვა არც თუ ისე საგანგაშო დარღვევას იგებ, იგებ იმასაც, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალია, ახალგაზრდების აქტივობა კი მეტჯერ უფრო დაბალი. მთელი დღის განმავლობაში ითვლი რამდენი შენი ტოლი მოვა არჩევნებზე და თითოეულის გამოჩენისას თვალებში რაღაც გიბრჭყვიალდება, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან.  ასოციაციურად ამ დროს სიტყვა იდიოტის თავდაპირველი მნიშვნელობა გახსენდება. გახსენდება, რომ ძველ საბერძნეთში ასე იმ ხალხს მიმართავდნენ, რომლებიც ემიჯნებოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არ იყვნენ ჩართულნი, მერე კი არ გინდა, რომ შენ თავს ეს სიტყვა უწოდო, შენც შეგიძლია შენი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა, მაგრამ თავს ირწმუნებ, რომ თუ ტერიტორიას დატოვებ და შენს უბანზე წახვალ, რამე მნიშვნელოვანს გამოტოვებ, ამიტომ აქტიურად აგრძელებ უკვე გაკეთებულ არჩევანზე დაკვირვებას და გეფიქრება,  რომ თუ სამართლიანი არჩევნებით განისაზღვრება ქვეყნის მომავალი, ალბათ, სულ აწმყოში მოგიწევს ცხოვრება. კომისიის წევრები დროდადრო ისევ იმეორებენ, რომ  ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი ვალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა, ალბათ თავს იზღვევენ – იქნებ რომელიმე დამკვირვებელს კიდევ ეპარება ეჭვი მათ კომპეტენციაში. დემოკრატიული არჩევნების დღის ბოლოს ნათქვამი – „ხომ ვუთხარი, ეს უბანი ჩაბარდებოდა” ,,ვიღაცის” აღფრთოვანებას და დამშვიდებას იწვევს. საქმე უკვე გაკეთებულია, ხმის დათვლის პროცესი უბრალო ფორმალობაღაა, რომელზეც მხოლოდ ერთეულებიღა ღელავენ.

დემოკრატიული არჩევნები – ეს არის ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანები მართავენ სახელმწიფოს,  საზოგადოებრივ საქმეებს.

დემოკრატიული არჩევნები ქართული გაგებით – ეს არის ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანები იმარჯვებენ და მართავენ სახელმწიფოს დაპირებებით, რომლებიც სავარაუდოდ არ განხორციელდება, განხორციელების შემთხვევაში კი შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ.

დღის ბოლოს ამდენი ინფორმაციის მიღების, ამდენი დემოკრატიული არჩევანის და ამდენი მიუკერძოებელი თანამშრომელის ნახვის შემდეგ, ახლახან შეჩვეული ნაძალადევი ღიმილით ტოვებ უბანს, გამოსვლისას კი ამ ნაძალადევი ღიმილითვე, რომელიც უკვე სახეზე მყარად გაკვრია, ამბობ – სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s