რუსული პროპაგანდა ვირტუალური ომის ხანაში

პროპაგანდაავტორი:ირაკლი იაგორაშვილი

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები 200 წელზე მეტს ითვლის. 1801 წლიდან მოყოლებული ჩრდილოელი მეზობელი ჩვენს სახელწმიფოს ან იპყრობდა ან ომს უცხადებდა ან კიდევ შიდა ეთნიკურ კონფლიქტებს უღვივებდა აფხაზეთსა და სამაჩებლოს მოვლენების სახით. დღესდღეობით ასეთმა ღიად აგრესორულმა ქმედებებმა ადგილი დაუთმო ერთი შეხედვით „უწყინარ“ და „არაძალადობრივ“ მექანიზმს, რომელსაც ხშირად კრემლის პროპაგანდასაც უწოდებენ. მას მრავლად ვხვდებით საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. პროპაგანდას შესაძლოა შევხვდეთ სოციალური ქსელებში, პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ექსპერტთა განცხადებებში, ჟურნალ-გაზეთებსა და ტელეგადაცემებში. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, საქართველო ევროპას დაეშორებინა, დღეს კი პროპაგანდის საშუალებით მთელ რიგ ქვეყნებში (ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის) ავრცელებს ანტიდასავლურ ყალბ ინფორმაციას, რომელიც ხალხში ევროსტრუქტურების მიმართ უნდობლობას იწვევს.

განვითარებასთან ერთად პროპაგანდაც იხვეწება და ის უფრო შეფარული ხდება. ადრე თუ ადვილი იყო ყალბი ინფორმაციის ამოცნობა, ახლა ეს პროცესი გაცილებით რთული გახდა და დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს სიმართლის გაგება. პროპაგანდით ხშირად ინერგება ხალხში სხვადასხვა ფობიური განწყობები. მედიასაშუალებები მოსახლეობას აწვდიან ყალბ ინფორმაციებს, რომლებშიც  ისინი თავად არ გამოხატავენ საკუთარ დაფარულ ფობიურ პოზიციას, თუმცა სტატიები ისეა შექმნილი და გაჯერებული სიცრუით, რომ თავად დაკვირვებულმა მკითხველმაც კი შესაძლოა ვეღარ აღმოაჩინოს რეალური მიზანი და დაიჯეროს ის. ასევე ხშირია ფოტომანიპულაციები, ანუ გარკვეულ სტატიებზე შესაძლოა შევხვდეთ ფოტოებს, რომლებიც სხვა ამბავს უკავშირდება. ასე ეს ყალბი ინფორმაცია ჩვენთვის უფრო „სანდო“ ხდება და მისი დაჯერება კი – უფრო იოლი. გავრცელებული პრაქტიკაა ისტორიული ფაქტების დამახინჯება ან ნეგატიური ხასიათის მოვლენის პოზიტიურად წარმოჩენა. ასეთ შემთხვევებს ვხვდებით საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივების პროცესში, როდესაც მედიასაშუალებები სისხლიან რეჟიმს უცოდველად და პროამერიკული ძალების მსხვერპლად წარმოგვიდგენს, რეალობა კი უმეტეს შემთხვევაში სხვანაირია.

ყალბი ინფორმაციები იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ საზოგადოება ვეღარ ასწრებს მათ გადამოწმებას და შედეგად უამრავი ცრუ სიახლე ილექება მათ გონებაში. ამის გამო ხშირია შემთხვევებიც, როდესაც არაპროპაგანდისტული ინტერნეტ გვერდები გაუაზრებლად აქვეყნებენ სხვა კრემლისტური გამოცემების ყალბ სიახლეებს. ზოგიერთ ქართულ არხზე ასევე მასობრივად ვრცელდება პრორუსული ცრუ ინფორმაციები. მედია საშუალებების ნაწილი საერთოდ არ უწევს ოპონირებას ასეთ რესპონდენტებს და შესაბამისად მაყურებელი ადვილად იჯერებს ყველაფერს, ისინი ვერ ისმენენ ალტერნატიულ ინფორმაციას. ჟურნალისტების ასეთი ქმედება შესაძლოა როგორც შემთხვევითი, ასევე გარედან მართული იყოს. საქართველოში რუსული პროპაგანდა ადვილად იკიდებს ფეხს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რადგან იქ ქართული ენის ცოდნა დღემდე დიდ პრობლემად რჩება. მათ არ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ალტერნატიულ ინფორმაციას, რადგან სიახლეებს ძირითადად რუსულ ენაზე ნახულობენ.

რუსულ გავლენას ვხვდებით ხშირად პოლიტიკური პარტიებისა და სასულიერო პირების განცხადებებში. იყო შემთხვევბი, როდესაც პარლამენტის წევრები გამოდიოდნენ ღიად პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებებით. ბოლო ხანებში ვნახეთ პარლამენტართა ორი ვიზიტი რუსეთის დუმაში. ზოგიერთი მედიასაშუალება მათ ხელს უწყობს, უთმობს საეთერო დროს და პროპაგანდისტული მანქანაც ირთვება. ყოფილა შემთხვევები, რომ გადაცემებში უარუყვიათ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და სხვა ისეთი მოვლენები, რომლებიც ჩვენს მეზობელს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა. ხშირად ემთხვევა ქართველ და რუს პოლიტიკოსთა მოსაზრებები, რომლების ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. ისინი ხან ოკუპაციის კანონის გაუქმებაში თანხმდებიან, ხან კი – რუსეთის კეთილი მიზნების არსებობაში.

არსებობს პროპაგანდასთან ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმი. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი მოითხოვს, რომ აიკრძალოს პრორუსული განცხადებების გაკეთება. თუმცა აქ ირღვევა სიტყვის თავისუფლების პრინციპი, რაც, ვფიქრობ, დემოკრატიულ ქვეყანაში უარყოფითად აისახება. საუკეთესო გზა პროპაგანდის წინააღმდეგ ისევ და ისევ განათლებაა. ყოველთვის როდესაც ვნახავთ ახალ ინფორმაციას, უნდა გავეცნოთ მის ალტერნატიულ ვერსიას, გადავამოწმოთ ფაქტები. ასევე დავუკვირდეთ ფოტოებს, შემთხვევით ხომ არ არის ის ყალბი, ან ხომ არ უკავშირდება სხვა საკითხს. შევამოწმოთ, თუ ვინ აქვეყნებს ინფორმაციას, რამდენად სანდო პიროვნება ან ვებგვერდია. მნიშვნელოვანია გადავამოწმოთ თარიღი პირველწყაროდან, რადგან ზოგიერთი მედიასაშუალება უკვე მოძველებულ ინფორმაციას ახლად მაშინ ასაღებს, როდესაც უფრო ხელსაყრელი და სკანდალურია შესაბამისი თემა.

პროპაგანდას ვხვდებოდით რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული. ადრე საზოგადოებას არ ჰქონდა რესურსი გადაემოწმებინა, რეალურ ინფორმაციას იგებდა თუ არა. დღესდღეობით ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოგვცა დიდი შესაძლებლობა, არ ვიცხოვროთ ინფორმაციულ ვაკუუმში, მივიღოთ განსხვავებული ინფორმაცია და ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების დახმარებით თავად გადავამოწმოთ რომელია რეალური და რომელია ყალბი ინფორმაცია.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s