ფსევდოპატრიოტიზმი

flag-georgiaავტორი: სალომე კვირიკაშვილი

არსებობს სიტყვები, რომელთა ერთი წინადადებით განმარტება შეუძლებელია.  ისინი კონსერვატიულ ღირებულებითა კონცეფციას განეკუთვნება, რადგან მათი განსაზღვრა ამომწურავი ნიშნების ჩამოთვლით ვერ ხერხდება, ისინი  უბრალოდ არ ემორჩილებიან დეფინიციას. ერთ-ერთი ამ სიტყვათაგანია „პატრიოტიზმი“.  სიტყვა, რომელიც იმდენად ხშირად გვესმის, რომ არც კი ვფიქრობთ თუ რას ნიშნავს ზუსტად და ასე ინსტინქტურადვე ვიყენებთ საუბრისას. ყველაზე მარტივი განმარტებით „პატრიოტიზმი“ ნიშნავს  დადებით განწყობას საკუთარი სამშობლოს მიმართ, სამშობლოს სიყვარულს. თუმცა პატრიოტიზმი უფრო მეტია ვიდრე ამ წინადადებით გადმოცემული სიტყვები.

ჯერ კიდევ 2000 წლის  წინ ძველმა ბერძნებმა ბევრად ფართოდ განმარტეს ეს ტერმინი და ის დაუკავშირეს სამოქალაქო ღირსებით აღსავსე მოქალაქეებს, რომელიც გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, ცხოვრების წესის სისადავით, პატიოსნებით და ყველაზე მნიშნელოვანი თვისებით  –  საკუთარ ინტერესზე მაღლა დაეყენებინა ქვეყნის ინტერესი.  უცნაურია ჯერ კიდევ მაშინ უკეთ იაზრებდნენ ამ სიტყვის არსს, ვიდრე დღეს 21-ე საუკუნეში.

ჩვენ პატრიოტული ერი ვართ! პატრიოტიზმით აღსავსე! ხშირად მოსმენილი ეს სიტყვები თითქოს აქსიომად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტიზმი ინდივიდების დამახასიათებელი ნიშანთვისება და სუბიექტური ცნებაა, რომელიც ყველა ინდივიდს განსხვავებულად ესმის და აღიქვამს. შეუძლებელია ზუსტად იმის განსაზღვრა თუ რა არის პატრიოტიზმი. მე არ ვიცი რა არის პატრიოტიზმი, მაგრამ ზუსტად ვიცი თუ რა არ არის.

პირველ რიგში პატრიოტიზმი არ არის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე უარის თქმა, იმ მოვალეობების არშესრულება, რომელიც თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამ ვალდებულებების უარყოფისა  არჩევნებია, როდესაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ქვეყნის სამომავლო მდგომარეობას მოსახლეობის მხოლოდ 40% იღებს მონაწილეობას. შემდეგ კი ხელისუფლების გამოუსადეგარობასა და უმოქმედობაზე გამუდმელუბუ საყვედურები.

პატრიოტიზმი არ არის „ქართული მარში“, რომლის მონაწილეთა ინტერვიუებში მოისმენდით ქსენოფობიურ ფრაზებს „ქართველებმა უნდა გაყარონ არაქართველები ქვეყნიდან“ „დაგვასვენონ ქართველები“. თითქოს მათთვის სამშობლოს სიყვარული  მხოლოდ ქართველი ხალხი და მხოლოდ ის ნაწილია ვინც მათსავით ფიქრობს და მოქმედებს. როგორც ვაჟა ფშაველა ამბობს, ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია. განა ქართველობა და სამშობლოს სიყვარული შეურაცხყოფის მიყენებაა სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებისათვის?  იმ ხალხისათვის, ვინც მათსავით ქსენოფობიურ იდეებს არ იზიარებს?

პატრიოტიზმი არც ქუჩაში ნაგვის დაყრაა და  დღესასწაულების აღნიშვნა ბუნებაში, შემდეგ კი მისი დაბინძურება ან გამუდმებული წუწუნი ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მუდმივი ჩივილი იმ იმედით, რომ ვინმე სხვა მოაგვარებს მათ.

 და ბოლოს პატრიოტიზმი არ არის  ერთი რელიგიისადმი ერთგულება, რომელიც სხვა რელიგიების უპატივცემულობაში გამოიხატება. საპროტესტო აქციების გამართვა და სალოცავების აშენების უფლების წართმევა მორწმუნეთათვის მაშინ, როდესაც ადამიანები წვიმასა თუ თოვლში მეჩეთს გარეთ ლოცულობენ საკმარისი სივრცის არარსებობის გამო.

პატრიოტიზმი მართლაც არის ქვეყნის არსებობის, განვითარების წინაპირობა, მაგრამ არა  სამშობლოსადმი ასეთი სიყვარული, რომელიც მხოლოდ სიტყვებში გამოიხატება და მოკლებულია ყოველგვარ რეალურ ქმედებებს, საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვას, დაცლილია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობისაგან და უარყოფს ყოველგვარ ტოლერანტობას, რაიმე ნიშნით განსხვავებული  ჯგუფისადმი.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s