„შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად (არ) გამოგადგებაო“

ავტორი: ეკა ჯანიაშვილი

Sad little girl sitting in a cornerმართალია, ქართული ანდაზა გვეუბნება რომ მკაცრად გაზრდილი შვილი მომავალში მშობლებისთვის საამაყო საქმეებს ჩაიდენს, მაგრამ სინამდვილეში ვითარება სრულიად განსხვავებულია. ოჯახში არსებულ ყველა სხვა პრობლემასთან ერთად ერთერთი უმნიშვნელოვანესია ის დაძაბული, ძალადობრივი გარემო, რომელშიც პატარები იზრდებიან. მშობლები ზოგჯერ ამ ყველაფერს გაუთვიცნობიერებლად აკეთებენ, ეჩხუბებიან ერთამანეთს და ჰგონიათ, რომ ეს ბავშვზე არ აისახება, ზოგჯერ კი შეგნებულად უყვირიან, უმიზეზოდ ბრალს სდებენ და რიყავენ შვილს, რათა „ჭკუა ისწავლოს და მეორედ ასე აღარ მოიქცეს“.

ნებისმიერი საბავშვო ბაღიდან თუ გასართობი პარკიდან, რომელსაც არ უნდა ჩავუაროთ, მოვისმენთ ფრაზებს: „იცოდე, თუ წაიქცევი, მე დაგიმატებ“, „ სახლში რომ მიგიყვან, ნახავ, რასაც გიზამ“ და აშ. ბავშვებისთვის მშობლები დამსჯელი სუბიექტები ხდებიან და თავს არიდებენ მათთან ურთიერთობას, ჰგონიათ, რომ ყვირილისა და გაკიცხვის მეტს მათგან ვერაფერს მიიღებენ, რაც იმთავითვე არაჯანსაღი ურთიერთობის დასაწყისია. შემდგომში ამ აგრესიას სხვა გარშემომყოფებზე ავრცელებენ, ხოლო თუ უფრო შორეულ ჭრილში განვიხილავთ, საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებზეც. ერთი სიტყვით, პატარობიდანვე  ადამიანს ჰგონია, რომ ეს საქციელი ნორმალურია და, რა თქმა უნდა, ყველა ასე უნდა იქცეოდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალადობა იწვევს ისევ ძალადობას. აქედან გამომდინარე, მშობლებს საკუთარი შვილებისთვის არამეგობრული, მეტიც, არაჰუმანური დამოკიდებულებით ნეგატიური შედეგის მეტი არაფერი მოაქვთ.

ამ ქმედებაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ მშობლებში ის სიამაყის გრძნობას იწვევს, მკაცრად მოქცევა და შვილის დატუქსვა კარგ დედობასა თუ მამობასთან ასოცირდება. ბოლო წლებში კი ყურში ცუდად მომხვდა ყოველ მეორე ნაბიჯზე არსებული, დიდი სიამაყით წარმოთქმული ფრაზა: „როგორც კი რამეს აშავებს, მაშინვე ვსჯი“. ამის თქმის შემდეგ გაღიმებული დედები სხვებსაც კი ურჩევდნენ, მსგავსი წესებით ეხელმძღვანელათ და დაინახავდნენ, თუ როგორ „მორჯულდებოდა“ მათი პატარა. რამდენიმე წელში სწორედ ამ დედებს გაკვირვებულებს, აღშფოთებულებს დავინახავთ, თუ რატომ არ ეკონტაქტებიან შვილები და რატომ არაფერს უყვებიან. იმას კი ნაკლებად აცნობიერებენ, რომ ბავშვობიდან გამოყოლილი ტრავმა ზრდასრულ ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს.

მეორე საკითხია ამ კუთხით მამის როლი შვილის აღზრდაში. ალბათ, ყველა ხშირად შევხვედრილვართ იმ მოსაზრებებს, რომ მამას ოჯახში მხოლოდ ფულის შემოტანის და მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია აქვს და ხშირ შემთხვევაში შვილებს არც კი ელაპარაკება. ვფიქრობ, მიდგომა ამ შემთხვევაშიც მცდარია, რადგან მათ შორის დისტანციაც იზრდება და გაუცხოების განმტკიცებაც ხდება. ბავშვები გარიყული არიან იმ სითბოსგან, რჩევებისგან და მზრუნველობისგან, რომელიც მამისგან უნდა მიიღონ და ის მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა დედა ეუბნება: „ცუდად არ მოიქცე, თორემ მამაშენს ვეტყვი“.

ერთი სიტყვით, ბევრ ოჯახში ბავშვს ინდივიდუალურ პიროვნებად არ აღიქვამენ და თვლიან, რომ ის მხოლოდ საკუთარი უარყოფითი ემოციების ვინმეზე გადატანის საშუალებაა. ძალადობასა და მტრად გაზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ, მას საკუთარი აზრის გამოხატვასაც უკრძალავენ და უნერგავენ აზრს, რომ არაფერი იცის და ასაკის გამო ვერაფერში ერკვევა. იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ მზრუნველობით, ტკბილი სიტყვთა და გარკვეული სიტუაციის რაციონალური ახსნით შეუძლიათ დასახული მიზნის რეალურად მიღწევა და არ უნდა მოეპყრან ბავშვს უდიერად მხოლოდ იმის გამო, რომ მცირეწლოვანია.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s