საპარლამენტო დიქტატურა

Democracy_in_the_Anthropocene_ავტორი: მურად შუბითიძე 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცხადი და ცალსახა გახდა, რომ თანამედროვე სახელმწიფო ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს ხალხის სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, მმართველობის ფორმებს შორის ყველაზე ოპტიმალური, თუმცა არა იდეალური მმართველობა დემოკრატიაა. დემოკრატია დაფუძნებულია ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ეს უკანასკნელი არის ძალაუფლების უზურპაციის აცილების საუკეთესო საშუალება – ხელისუფლება არ იყოს მხოლოდ  ერთი, კონკრეტული პოლიტიკური მოთამაშის ხელში.

დემოკრატიას თითქმის ყველა ქვეყანა აღიარებს და ეს  „სიკარგე“ თავისთავად ცხადია, მაგრამ დემოკრატიის არსებობისთვის აუცილებელი ფაქტორი მისი მნიშვნელობის გააზრებაა იმ ხალხის მიერ, რომლისთვისაც ის არსებობს. ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი და  ამას  მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებიც ადასტურებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლების დანაწილება არის დემოკრატიის (რომელზეც პრეტენზია გვაქვს ) ქვაკუთხედი, რაც გულისხმობს რომ სახელმწიფოს ძალაუფლება გადანაწილებულია სამ შტოს – სასამართლო, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. ისინი აკონტროლებენ და აწონასწორებენ ერთმანეთს.

დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებები თითქოს ემსახურება საქართველოში  საპარლამენტო მმართველობის დამკვიდრებას. რეალურად კი, ხელისუფლება ექცევა ერთი პოლიტიკური მოთამაშის, – საკანონმდებლო ხელისუფლების ხელში. მასში კონცენტრირდება იმხელა ძალაუფლება, რომ სხვა შტოები ვეღარ შეძლებენ მის დაბალანსებასა და გაწონასწორებას. კერძოდ,  კონსტიტუციის ახალი პროექტის თანახმად, პრეზიდენტის არჩევა ხდება არაპირდაპირი წესით, რაც გულისხმობს, რომ ხალხი აღმასრულებელ ხელისუფლებაში კარგავს მისი ინტერესების პირდაპირ გამტარს და მთავრობის მეთაური ხდება პრემიერ-მინისტრი,  რომელსაც ირჩევს პარლამენტი. შესაბამისად, საკანონმდებლო ხელისუფლება იძენს ბერკეტებს, რომლითაც შეუძლია მთვარობის გადაწყვეტილებების ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს. პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი აკომპლექტებს მთავრობას, რომელსაც არც ძალა  და (არც სურვილი)  ექნება წინააღმდეგობა გაუწიოს პარლამენტის დირექტივებს. მთავრობა ხდება პარლამენტზე დამოკიდებული და თუ მან ვერ „გაამართლა პარლამენტის იმედები“ პარლამენტს უფლება აქვს, უნდობლობა გამოუცხადოს და გადააყენოს იგი. ხოლო, თავად პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მთლიანი მთავრობის გადაყენება მოჰყვება. აქედან გამომდინარე, შეკავება-გაწონასწორების პრინციპი მხოლოდ ფიქციურ ხასიათს იძენს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებით.

სასამართლო ხელისუფლება სავარაუდოდ ვეღარ შეძლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, რადგანაც მოსამართლეთა არჩევა ხდება გამოსაცდელი ვადით, რომელსაც აფასებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. თავად უზენაესი სასამართლოს ფორმირება კი პარლამენტისა და მის მიერვე არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ხდება. არჩევის შემთხვევაში, კი მოსამართლე უვადოდ ინიშნება თანამდებობაზე, ხოლო გამოსაცდელი ვადის წარუმატებლად დასრულებისას, მოსამართლეს უარის თქმის საფუძვლის გაცნობის საშუალებაც კი არ ეძლევა. აღნიშნული ფაქტი, საფუძვლიან ეჭვს იწვევს იმისა, რომ მოსამართლეები ეცდებიან პარლამენტის ინტერესების გატარებას, რათა შეძლონ გამოსაცდელი ვადის წარმატებულად დასრულება და თანამდებობის დაკავება.

საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც  თავისი არსით ახორციელებს სამივე სახელისუფლებო შტოს კონტროლს,  უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, კომპლექტდება „პარლამენტის მიერ“ არჩეული მოსამართლეებით. 3 მოსამართლეს ირჩევს პარლამენტი, 3-ს უზენაესი სასამართლო, რომელიც თავად არის პარლამენტის საშუალებით დაკომპლექტებული, ხოლო დანარჩენი 3 მოსამართლის არჩევა ხდება პრეზიდენტის მიერ, რომელიც არაპირდაპირ, ირჩევენ ხმოსნები (300 ხმოსანიდან 150  პარლამენტის დეპუტატია).

ასევე, ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, გაუქმდა არჩევნების მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები ხორციელდება მხოლოდ პროპორციული სისტემის საფუძველზე, რაც დამახასიათებელია ერთპალატიანი საპარალამენტო მმართველობის ქვეყნებისთვის. თუმცა პრობლემა ის არის, რომ პროპორციული სისტემით დათვლილი  საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი, მათი ხმებიც  ემატება არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, რომელიც ისედაც ყველაზე ბევრი საარჩევნო ხმით არის წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ნორმალური საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში კი იმ საარჩევნო სუბიექტების ხმები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, ნაწილდება სამართლიანად, რაც უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკურ პლურალიზმს და სხვადასხვა ინტერესების გატარების შესაძლებლობას. საქართველოში კი ხმათა ზემოხსენებული პრინციპით განაწილება, არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას აძლევს უფრო მეტ ძალაუფლებას, რაც სპობს მრავალპარტიულობის შესაძლებლობას და გულისხმობს, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება თავად პროპორციული სისტემის არსს.

მართალია, აღნიშნული სამართლებრივი პროცესები დამახასიათებელია ზოგადად საპარლამენტო სისტემისთვის, თუმცა ისინი ხორციელდება მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც საკანონმდებლო ხელისუფლება წარმოდგენილია ორპალატიანი პარლამენტით, რომლებიც თავადვე უზრუნველყოფენ ერთმანეთის ინტერესების დაბალანსებას და აწონასწორებენ ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეძლევა მხოლოდ მისი ინტერესების გატარების შესაძლებლობა. საქართველოში კი, როგორც განხილულმა ფაქტებმა გვიჩვენა, წარმოიქმნება უწყვეტი ჯაჭვი, რომლის სათავეშიც პარლამენტი. პრაქტიკა  კი გვიჩვენებს, რომ პარლამენტში ძირითადად ერთ პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა დაუბალანსებელი და უკონტროლო ძალაუფლება, ამ ყველაფრით კი საბოლოოდ  ლამაზად შეფუთულ საპარლამენტო დიქტატურას ვიღებთ.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s