“ებრძოლე ლიბერალიზმს”

ლიბერალიზმიავტორი: ლუკა სანიკიძე

1937 წელს კომუნისტური ჩინეთის დიქტატორმა მაო ძედუნმა (რომლის მმართველობას შეეწირა დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი) გამოაქვეყნა ბროშურა, სახელად “ებრძოლე ლიბერალიზმს”. ამ ბროშურის მიზანი იყო ეჩვენებინა თუ რამდენად დამანგრეველი იყო  ლიბერალიზმი ჩინური კომუნისტური იდეისათვის,  მაგრამ საინტერესო აქ ის არის, რომ “ლიბერალიზმი” არ მოიცავდა მხოლოდ კლასიკური განმარტებას და უფრო ფართო გაგებით იყო გაგებული. ბროშურაში მოყვანილია  11 ტიპის ლიბერალიზმი. მაგალითად,  ლიბერალი ის ადამიანია, რომელიც  არ “ჩაუშვებს” თავის მეგობრებს,  რომელსაც პარტიულ იდეებში ეჭვი ეპარება, რომელიც ჭორაობს, კამათობს, აკრიტიკებს პარტიას და რეფორმებს, ადამიანი,  რომელიც არ ებრძვის კონტრრევოლუციურ და ანტი კომუნისტურ აზროვნებას.

მოკლედ რომ ვთქვა, მაოს ლიბერალი ის ადამიანია, რომელიც სრულად არ არის მორჩილი კომუნისტური პარტიისადმი, მცირედითაც კი ამჟღავნებს თავისუფლებისკენ სწრაფვას და ინდივიდუალიზმის “დეკადენტურ” ნიშნებს.

ჩვენ მარტივად შეგვიძლია გავავლოთ პარალელი დღევანდელ საქართველოსთან, მართალია საქართველო  არ არის მართული მაოსნაირი დიქტატორის მიერ, მაგრამ მაოს წარმოდგენები ახლოსაა ქართულ ანტილიბერალურ ნარატივთან. საქართველოშიც  ლიბერალიზმი ფართო და ხშირად ბუნდოვანია ტერმინია, სადაც ყველა და ყველაფერი შედის, რაც კი ამჟღავნებს ინდივიდუალიზმს, თავისუფლებას და არ შეესაბამება მიღებულ “ნორმას”.

მაგალითად ა.შ.შ-ში ტერმინი „ლიბერალიზმი“ უფრო კონკრეტულია. ის არის კლასიკური ლიბერალიზმის და სოციალურ-დემოკრატიული იდეების ნაზავი, მეორე მხარეზეა კონსერვატიზმი, რომელიც ასევე კლასიკური ლიბერალიზმის ნაზავია, მაგრამ ამჯერად კულტურულ ტრადიციონალიზმთან. ორივე იდეოლოგიის, ისევე როგორც თვით ა.შ.შ.-ს, ფუძე კლასიკური ლიბერლიზმია.

საქართველოში კლასიკური ლიბერალიზმი როგორც ასეთი არ არის ფუძე და ტრადიცია, საქართველოში “ტრადიცია” და კონსერვატიზმი არის ავტორიტარული კომუნისტური მმართველობა და ლაპარაკი ადათ-წესებზე.  ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა ნათლად გამოიხატება ჩვენი საზოგადოების ნაწილში. მაგალითისთვის, გავიხსენოთ ერთი ქართული გადაცემის ეთერი, სადაც  მოწვეული ექსპერტები ხსნიდნენ ყოფილი მთავრობის მიერ 2012 წელს არჩევნების წაგებას, რის მიზეზადაც ასახელებდნენ იმას, რომ  უმეტესობისთვის მკაფიოდ მიუღებელი იყო მათი რეპრესიული ნაბიჯები, პარადოქსულად ამ გადაცემის შემდეგი თემა იყო რატომ არის სტალინი დადებითი ფიგურა ქართველების ნაწილისთვის.

ამის მაგალითია ე.წ “სამართლიანობის აღდგენის”  სულისკვეთება, რომელიც ხშირად იყო პოლიტიკური  რეპრესიებისადმი  პირდაპირი მოწოდება და წლების შემდეგ შეიცვალა უკვე “ლიბერსატებთან” ბრძოლით. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ზოგი ქართველის პირდაპირი აღფრთოვანება კადიროვით. კერძოდ, ჩეჩნეთში მის  მიერ მოწყობილი ჰომოსექსუალების სასაკლაოთი, ამას დამატებული 17 მაისის მოვლენები და “ქართული მარში”. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნათელი ხდება, რომ ამ საზოგადოების ნაწილისთვის, ადამიანის რეპრესია სინამდვილეში  სრულიად მისაღებია თუ ის სხვა ჯგუფის წევრია ან საპირისპირო მოსაზრების მომხრე.

მთავარი მსგავსება მაოს და ქართულ ანტილიბერალიზმს შორის არ არის უბრალოდ სიტყვა “ლიბერალიზმი”, არამედ წინააღმდეგობა ყოველგვარი თავისუფლების და ინდივიდუალიზმის მიმართ, ზუსტად ამაშია ჩვენი სიტუაციის ტრაგიკულობა. საქართველოში, როგორც მაოს ჩინეთში, ლიბერალიზმი გახდა მტრის უნივერსალური ხატი.

ორივე შემთხვევაში არასტანდარტული აზროვნება მიუღებელია და მეტიც ამის ნებისმიერ მცდელობა უნდა იყოს უკიდურესად დემონიზებული –  თუ ადამიანი ლაპარაკობს ქალების ჩაგრულ მდგომარეობაზე ჩვენ საზოგადოებაში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას ქართული ოჯახის დანგრევა უნდა. თუ ადამიანი მხარს უჭერს ლგბტ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, მას მხოლოდ  ახალგაზრდების გარყვნა სურს, თუ ადამიანი ოდნავ მაინც აკრიტიკებს ეკლესიას, ის უზნეო, ამორალურია “სატანისტი” ან  ე.წ. “სოროსელია”.

რა  საჭიროა ლიბერალური იდეოლოგიის ავტორების ჯონ ლოკის, სტუარტ მილის, ადამ სმიტის და სხვა მოაზროვნეების წაკითხვა და კრიტიკა, როდესაც შეიძლება გადაცემაში მოიყვანო ვინმე ლიბერალიზმთან საერთოდ კავშირს არ მქონე ფიგურა და მას ლიბერალიზმის ქომაგი უწოდო, მხოლოდ იმიტომ, რომ მას სექსუალური იმიჯი აქვს ან სხვა არა სტანდარტული ნიშანი.

მეორე მხრივ თუ ჩვენ გადავხედავთ საქართველოს საბჭოთა წარსულს და 1990-იანი წლების კრიზისულ მდგომარეობას, სადაც პერსონალური თავისუფლებები და სიტყვის თავისუფლება უბრალოდ არ არსებობდა, საზოგადოება კი სახელმწიფო მმართველობისა და ელიტის ძლიერ ხელში იყო, ადვილი გასაგები ხდება თუ რატომ “კლავს ლიბერალიზმი” საქართველოში.

ე.წ. ანტილიბერალებისთვის ნამდვილი თავისუფლება საფრთხეა, ჩვენ შეგვიძლია ყველა არსებული ფობია დავუკავშიროთ თავისუფლების შიშს, მაგალითადმათ ეშინიათ ლგბტ ჯგუფის თავისუფლების, რადგან ე.წ. “პროპაგანდით”  ისინი მთელ საქართველოს “თავისიანებად” აქცევენ, თუ უცხოელებს ექნებათ ქართული მიწის ყიდვის  უფლება ეს “ნიშნავს საქართველოს დასასრულს” იმის მიუხედავად რომ არ არსებობს არც ერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების ჩადებით შეირყა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს მხოლოდ სხვა ქვეყნის ჯარის შეჭრით ხდება. პარადოქსია, რომ ზოგისთვის, უცხოელებზე მიწების გასხვისება  უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე რუსული ოკუპაცია.

ეშინიათ, რომ ევროპელები, ლგბტ-ები, მუსლიმები, ჩინელები და აფრიკელები “გადაგვაშენებენ”, აქ ხშირად მიდის არასწორი შედარება ევროპულ საემიგრაციო კრიზისთან, სადაც დევნილი ადამიანები ჩადიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იქ არსებული ფართო სოციალურ პროგრამების გამო, საქართველოში ასეთი პროგრამები უბრალოდ არ არსებობს. საქართველოში ეს ადამიანები ჩამოდიან  ტურიზმის, ბიზნესის და განათლების გამო. ჩვენ შემთხვევაში ისინი პირდაპირ ტოვებენ ფულს ქართულ ეკონომიკაში.  არანაკლები შიშებია ფემინიზმის მიმართ, რადგან ასეთი იდეები ქალს თავისუფალს და (კაცისთვის) დაუმორჩილებელს ხდის ეს კი მიუღებელი ანტილიბერალური “პარადიგმისთვის”.

ამ ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ მათ არ სწამთ ნამდვილი თავისუფლების, მისი ეშინიათ. რადგან მათთვის თავისუფლება მხოლოდ ქაოსის და გაუგებრობის მომტანია. ადამიანს კი ყოველთვის ეშინია იმის, რისიც არ ესმის. ირაციონალური რეაქცია, შიშით მანიპულირება კი ადვილია, განსაკუთრებით  ამდენი პროპაგანდისტული საშუალების არსებობის სიტუაციაში, ეს კი სერიოზულ რისკებს ქმნის საქართველოსთვის, რადგან ამ ადამიანებისთვის მიმზიდველი ხდება ღიად ავტორიტარული სახელმწიფოს იდეა, იქნება ეს უფრო  კომუნისტური თუ  ფაშისტური ნაირსახეობა, ნებისმიერ ავტორიტარულ ვარიანტში, სახელმწიფოს ერთადერთი მიზანია წაართვას ადამიანს არჩევანის უფლება. შეიძლება მოიყვანონ მუსოლინის, სტალინის და ჰიტლერის ბევრი ციტატა, რათა გაამართლონ თავისი პოზიცია და გაალამაზონ ის ფაქტი, რომ  ამ წყობაში ადამიანი დაკარგავს თავისუფლებას და არჩევანის უფლებას.

თავისუფლების მომხრეებს დიდი პასუხისმგებლობა მმართებს, ზუსტად მათზეა დღეს  დამოკიდებული საქართველოს  მომავალი, მათ უნდა შეძლონ ყოველი საშუალებით აუხსნან საზოგადოებას რა არის ნამდვილი ჭეშმარიტი თავისუფლება და რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის, აუცილებელია ისეთი ახსნა, რომელიც გააქარწყლებს არსებულ ირაციონალურ შიშებს. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა “რაღაცის” წინააღმდეგ ბრმად და რეაქციონისტურად, როგორც იგივე “ანტილიბერალები”, არამედ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის პრობლემების  გაანალიზებით და გაგებით, მხოლოდ რაციონალური მიდგომით შესაძლებელი  მათი გადაწყვეტა.

 

One thought on ““ებრძოლე ლიბერალიზმს”

  1. ძალიან საინტერსოდ გაანალიზებული, კარგად საკითხავი სტატია იყო. მომეწონა

    Liked by 1 person

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s