რა ისწავლება სკოლაში

  schoolავტორი: ლია დეკანაძე   

საქართველოში იცვლება მთავრობები, მინისტრები მაგრამ ქართული განათლების სისტემის ხინჯები უცვლელია. განათლების მინისტრები კი  ცდილობენ საფუძვლიანი რეფორმების ჩატარებას, მაგრამ ყველა ამგვარი მცდელობა მხოლოდ დეკორაციული ხასიათისაა. სამწუხაროდ სისტემაში არსებული პრობლემები უფროდაუფრო იზრდება და მახინჯი ფორმებით ისევ საზოგადოებას უბრუნდება.

მოსწავლეები სკოლაში  დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ და, შესაბამისად, მათი ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესი ოჯახის პარალელურად სკოლაშიც მიმდინარეობს. სკოლაში იწყება მოსწავლეების სოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი. მშობლების შემდეგ სწორედ მასწავლებლები არიან ბავშვებისთვის მაგალითები და როლ-მოდელები, კლასელებიც ხშირად ხდებიან პირველი და ყველაზე ახლო მეგობრები. ამის ფონზე სწორედ სკოლაში უნდა ისწავლოს ბავშვმა განსხვავებულობის პატივისცემა, აქ ხომ თითოეული მოსწავლე რაღაც კუთხით განსხვავებულია ნიჭისა და უნარების მიხედვით. აქ  ბავშვებმა უნდა ისწავლონ მოსმენა და სხვისი აზრის პატივისცემა, აქ უნდა შეითვისონ ის ღირებულებები, რასაც შემწყნარებლობა, ჰუმანიზმი, პატივისცემა და სიყვარული ჰქვია. სკოლის მიზანი ნებისმიერ შემთხვევაში მოსწავლის ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა უნდა იყოს. სკოლაში უნდა ვსწავლობდეთ თავისუფალ, კრეატიულ აზროვნებას,  კრიტიკულ ანალიზს და სხვა ზნეობრივ ღირებულებებს.

 სამწუხაროდ, ქართული სკოლები სულაც არ ისახავენ მიზნად სწავლების ამგვარ მეთოდებს. როგორც საბჭოთა განათლების მემკვიდრეობა, აქ სკოლა „ცოდნის სახლია“,  სადაც მთავარია მათემატიკური და ქიმიის ფორმულების დასწავლა-დაზეპირება. ქართული სკოლები ორიენტირებულები არიან მხოლოდ ენციკლოპედიური ცოდნის მოწოდებაზე და მოსწავლეებიც და მშობლებიც ამ მხრივ აკეთებენ აქცენტებს. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ სკოლამ მოსწავლეების პიროვნული აღზრდის ფუნქციასთან ერთად აკადემიური ფუნქციაც დაკარგა, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ რეპეტიტორულ ტენდენციებს. სულაც არ ვარ წინააღმდეგი სკოლაში მეცნიერებების სწავლებისა,  მათი შესწავლა უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია,  მაგრამ ყველაზე დიდი მეცნიერება ადამიანების გაგება და მათთან ურთიერთობაა. გამოცდების ჩაბარება და აუცილებლად უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება არამც და არამც არ უნდა იყოს სკოლაში სწავლების მთავარი მიზანი. რეალურად  სკოლას გაცილებით დიდი მნიშვნელობა და ფუნქციები გააჩნია.

 უამრავი ფაქტით დასტურდება, რომ ეს ფუნქციები ჩვენს სკოლებში მოშლილია. ამ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედია  კი ამის აშკარა დასტურია. როცა 16 წლის მოზარდები ერთმანეთს ასე სასტიკად იმეტებენ სასიკვდილოდ, როცა ასე აშკარად გამოხატავენ სიძულვილსა და აგრესიას თანატოლების მიმართ, საზოგადოებამ თვალი უნდა გაახილოს და პრობლემა დაინახოს. სკოლაში მანდატურების მუშაობა კი კარგია, მაგრამ არა საუკეთესო გზა ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ (ამ შემთხვევაში ერთადერთი რაც მანდატურმა გააკეთა მოსწავლეების სკოლის ტერიტორიიდან გაძევება იყო).

ბევრ სკოლაში მოსწავლეთა ჩაგვრა სწორედ მასწავლებლებისგან მოდის არასწორი მეთოდების გამოყენებით. ხშირად ისინი მოსწავლეების გარჩევით ან შედარებით, ღია მშობელთა კრების მოწყობით თუ სხვა გზებით მოსწავლეებში ერთმანეთის პატივისცემის მაგივრად შურს და დაპირისპირებას თესავენ. ხშირად კი მასწავლებლებს „სულაც არ სტკივათ თავი“ მოსწავლეების ღია თუ ფარული გარჩევებისთვის. „ბავშვები არიან“, „ხუმრობენ“, „თავად მოგვარდებიან“, ეს ჩაურევლობის პოლიტიკა ხშირად ნიჰილიზმშიც კი გადასდით. მთავარია ჩხუბი არ მოხდეს სკოლის ტერიტორიაზე, მთავარია საგაკვეთილო პროცესში არ იჩხუბონ ბავშვებმა, თუ ეს ორი წმინდა პირობა სრულდება, მაშინ გარჩევაში ჩაურევლობა გამართლებულია.

ხშირად მინახავს ჩემი სკოლის ეზოშიც ამგვარი „ქუჩური გარჩევები“, მაგრამ აზრად არ მოსვლია არც ერთ მასწავლებელს ჩასვლა და მათთან ლაპარაკი. აზრად არ მოსვლიათ ფსიქოლოგისთვის ან სოციალური მუშაკისთვის ეკითხათ ამ ქცევის გამომწვევი მიზეზები. ხშირად მსგავსი საქმეები მშობელთა ყურამდეც კი ვერ მიდიოდა. წლების წინ ასეთი გარჩევის დროს (სკოლიდან შორს) ჩვენი სკოლის მოსწავლემ ერთი ახალგაზრდა მოკლა. გასვენებაში მასწავლებლები არ წასულან  იმ მიზეზით, რომ გარდაცვლილის მშობლებს თვალებში ვერ ჩახედავდნენ.

მომხდარ უბედურებაში მხოლოდ სკოლა არ არის დამნაშავე. ეს არის სისტემის ბრალი, ყველა სხვა სოციალური ინსტიტუტის მონაწილეობით- იქნება ეს ოჯახი, სკოლა, სამეგობრო, სამეზობლო თუ ეკლესია. ახლა სისტემის ხინჯის გამო ორი ახალგაზრდაა გარდაცვლილი, რამდენიმეს სიცოცხლეს კი დამნაშავის მძიმე დაღი სამუდამოს ასვია. სწორედ სისტემის ბრალია რომ 15 თვითმხილველ  ბავშვს ესირცხვილება სიმართლის აღიარება და ჩვენების მიცემა. ეს ხომ „ჩაშვებაა“, რაც ქურდულ სამყაროში არ „მოსულა“. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, დიდია და მოუნელებელი ტკივილია, მაგრამ ნათქვამია „ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო“, იმედია შესაბამისი უწყებებისთვის ეს უკვე მერამდენედ გადაბრუნებული ურემი იქნება თვალისამხელი, რომ სასწრაფოდ დაიწყონ ძირეული ცვლილებები და პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება სკოლის როლს აქედანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს კონფლიქტების მოგვარების ცივილური გზები და ადამიანის სიცოცხლის ფასი. უფრო ჯანსაღი და სრულფასოვანი უნდა იყოს მოსწავლეებს შორის ურთიერთობებიც და მასწავლებლებიც უფრო აქტიურად და ყურადღებით უნდა ჩაერთონ მათი ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესში.

2 thoughts on “რა ისწავლება სკოლაში

  1. ბრავო ლია, 100% ით თქვი ჩემი სათქმელი. ამ სტატიის წაკითხვამდე ვფიქრობდი მეც ხომ არ დამეწერა ერთი სტატია ან თუნდაც პოსტი სკოლაში ბულინგზე და კერძოდ თვალებახვეულ მასწავლებლებზე, საზოგადოებაზე, რომელიც თვლის, რომ ბავშვებში დაპირისპირება მხოლოდ წვრილმანი ხასიათისაა და ამას იუმორით უნდა მოვეკიდოთ,რომ მერე დიდები რომ გავხდებით ბედნიერად გავიხსენებთ ამ ამბებს და სასაცილოდაც არ გვეყოფა ის, რომ სკოლის ასაკში ყოველდღე ძალადობდნენ ჩვენზე ფსიქოლოგიურად ჩვენივე თანატოლები. მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს უბრალოდ არ “გაგვივლის”, უბრალოდ ვერ დავივიწყებთ და მითუმეტეს მერე ხუმრობით ვერ გავიხსენებთ,რადგან ეს ჩვენში რჩება, მუდმივად ილექება და მერე სად ამოყოფს თავს არავინ იცის. ყოჩაღ კიდევ ერთხელ !!! სტატიას რომ ვკითხულობდი ასე მეგონა ჩემს ნააზრევს ვხედავდი აქ დაბეჭდილს, მართლაც ზუსტად გადმოეცი დღევანდელი პრობლემატიკა.

    Like

  2. ნეტავ როდემდე უნდა “ტეხავდეს” ხმის ამოღება, როდემდე ვერ უნდა თქვან ძალადობის მსხვერპლმა ბავშვემა თავისი სათქმელი, რატომ არის გრეხი, მშობელთან, მასწავლებელთან ან მეგობართან ღიად ლაპარაკი საკუთარ პრობლემებზე და რატომ ვეძახით ამას “ჩაშვებას”. დიახ სწორედ ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა,რომ 16 წლის მოზარდებმა ერთმანეთი დაჩეხეს. სწორედ იმიტომ,რომ მათ ვერ ან არ გაბედეს ახლობლისთვის იმის თქმა,რაც აწუხებდათ,ან გაბედეს და ერთი დიდი კედელი დახვდათ აღმართული, რომლის უკანაც ურცხვად იდგნენ მასწავლებლები ან საზოგადოების სხვა წევრები,რომლებიც ან ბავშვებისთვის საბოლოო იმედები იყვენენ. ეგონათ პრობლემას თავად მოაგვარებდნენ, მაგრამ ვერ მოაგვარეს და იმათ დაუძახეს ვისი იმედიც ჰქონდათ.ისინიც დაეხმართენ ქუჩურად, “ძმურად” და “კაცურად” ისე, როგორც მათ ეკადრებოდათ აბა სხვანაირად როგორ უნდა დაესრულებინათ ეს ამბავი…

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s