ქებათა ქება დიპლომს

1ჰავტორი: ანი ქისტაური

„ინდივიდი საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის და გონების სუვერენია“ (ჯონ სტუარტ მილი). მან თვითონ უნდა წარმართოს საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც უნდა და არა ისე, როგორც ეს  საზოგადოებას მიიჩნია სწორად. სამწუხაროდ, ქართული რეალობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორია ცხოვრება  პირადი გადაწყვეტილებებისა და პირადი სივრცის  გარეშე. თითქოს ჩვენთან საკუთარი  ცხოვრება არავის გააჩნია, უფრო მეტიც, ყველას ერთი შაბლონი, ერთი ყალიბი გვაქვს სამოქმედოდ და ამ მყარი დოგმების დარღვევის შემთხვევაში მაშინვე კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩნდებით ხოლმე. შორს რომ არ წავიდე, ასეთი შემთხვევა პირადი გამოცდილებიდან მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მქონდა საკუთარი აზრი, მას ხშირად ვთრგუნავდი იმის გამო, რომ არ აღმოვჩენილიყავი “განსხვავებულებს “ შორის. სწორედ გაუცნობიერებელი შიშებისა და გაუბედაობის მიზეზით, „უღელქვეშ ქედმოდრეკილი გონებით“  ორი წელი გავატარე სამედიცინო უნივერსიტეტში და როცა დავრწმუნდი, რომ დავღუპავდი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასაც, მივიღე გადაწყვეტილება, შემეცვალა პროფესია. ახლაც კი არ ვარ ბოლომდე გათავისუფლებული იმ წნეხისგან, რომელიც საზოგადოების მხრიდან განვიცადე. ჩემი კეთილისმსურველები (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) დღემდე ვერ ინელებენ, რომ მთელი სამი  წელი „დავკარგე“ და საყოველთაო „მარათონს“, დოღს დიპლომის რაც შეიძლება  სწრაფად აღებისთვის ჩამოვრჩი. ჩემს არგუმენტებს თითოეული  უპირისპირებდა აზრს – სამაგიეროდ დიპლომი გექნება, რა იცი რაში გამოგადგეს, თუ  შენი პროფესიით ვერ იმუშავებ, ადვილად მაინც გათხოვდები, „ექიმ“ სარძლოზე ვინ იტყვის უარს?!

კრიტიკის საგანი აღმოჩნდა შემდეგი გადაწყვეტილებაც – ჩემ მიერ მეორედ არჩეული მიმართულება. ფილოსოფია?! და ვინ უნდა გამოხვიდე? და მერე სად იმუშავებ?! – ბოლო არ უჩანდა რიტორიკულ პათოსს. „ხალხი ბრძენია“ და ამიტომ  თითქოს თვალდახუჭულებმა, ინერციით უნდა შევასრულოთ მათ მიერ დაწესებული წარმოდგენები ან ნორმები და არ გვაქვს უფლება, მსჯელობით, დისკუსიით ან ჩვენი საკუთარი გამოცდილებით მივიდეთ ჭეშმარიტებამდე. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ „ყველაზე მორწმუნენი და ტოლერანტულნიც“ კი ნებისმიერ განსხვავებულ აზრს მაშინვე  მკრეხელობად ან „გოიმობად“ ნათლავენ ხოლმე და არა მხოლოდ თრგუნავენ განსხვავებულ აზრს, არამედ, უკეთეს შემთხვევაში, დასცინიან, ხოლო უარესში – მოსაკლავად დასდევენ განსხვავებულს,  “მკრეხელს“.

ანალიტიკურ აზროვნებასთან სიშორემ, ყველაფრის უკრიტიკოდ მიღებამ ჩვენ გვაქცია  ადამიანებად, რომელთაც  გვჭირდება არა ცოდნა ცოდნისთვის და დიპლომი კი კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთად, არამედ მხოლოდ დიპლომი, კვალიფიკაცია მხოლოდ  CV-ში ან სასურველ სარძლო/სასიძოთა სიაში ჩასაწერად. სწორედ ამგვარი, ვიწრო იდეური ჰორიზონტის გაფართოებისთვის, კოლექტიური აზროვნებისგან თავის დასაღწევად გვჭირდება ჩვენ ფილოსოფია – რომელმაც უნდა განგვივითაროს კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტაციის  უნარი,  მოგვცეს შესაძლებლობა, სწორად დავსვათ შეკითხვები   და გვქონდეს ადეკვატური რეაქციები მიღებულ პასუხთა მიმართ.  სწორედ  ხასიათის, გადაწყვეტილებების მრავალფეროვნება და შესაბამისად,  ინდივიდუალიზმის არსებობა არის დასაბამი და სტიმულატორი საზოგადოებრივი პროგრესისა, რადგანაც თუკი რამ არსებობს ამქვეყნად კარგი და საინტერესო, ის ოდესღაც ყოველთვის ორიგინალურობისა და ექსცენტრიკულობის ნაყოფი იყო, ხოლო კონფორმიზმი, სტატიკური აზროვნება და  წარმოდგენების უპირობო მიღება ვერასდროს ვერ დაბადებს რაიმე ღირებულს, იმას, რაც ჩვეულებათა უღლისგან გაათავისუფლებს საზოგადოებას.

2 thoughts on “ქებათა ქება დიპლომს

  1. ისე შეგრძნება მქონდა, თითქოს მე ვსაუბრობდი :/

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s