პროვინციალიზმის ქართული გაგება

t6PCzNKავტორი: ადელ დოლაბერიძე

მიუხედავად იმისა, რომ პროვინციალი სულაც არ ნიშნავს სოფლიდან ჩასულს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი პროვინციალიზმს აიგივებს ჩამორჩენილობასა და ინტერესთა შეზღუდულობასთან, რაც, მათი აზრით, დამახასიათებელია მხოლოდ რეგიონებისა და კულტურული ცენტრიდან დაშორებულ ადგილთა მცხოვრებლებისათვის.

  21-ე საუკუნე, რომელიც მეტნაკლებად ცდილობს წარსულთან შედარებით ჰუმანურად და რაციონალურად მიუდგეს ყოველგვარ საკითხს, დღის წესრიგში მყარად აყენებს ყოველგვარი „კლიშეებისა“ და სტერეოტიპების მსხვრევის აუცილებლობას.   „პროვინციალიზმი“ თავისი შინაარსით, მართლაც ნიშნავს თვალსაზირისისა და თვალსაწიერის მასშტაბების სიმცირეს, თუმცა იგი მხოლოდ რეგიონებთან და გეოგრაფიულ მდებარეობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს, სინამდვილეში პროვინციალიზმი აზროვნების, კულტურის, შინაგანი სამყაროს სიღატაკის გამოხატულებაა. შესაბამისად, პროვინციალი შეიძლება იყოს, როგორც სოფლელი, ასევე ქალაქელიც. მიუხედავად ამ სწორი, ფილოსოფიური განსაზღვრებისა,  დღემდე სულ სხვა სურათს ვიღებთ. რეალობაში ე.წ ქალაქელი ხშირად ზემოდან უყურებს სოფლიდან ჩამოსულს, არ მიიჩნევს მის ტოლ-სწორად და დაუნდობლად აკრავს მას პროვინციალის იარლიყს.  სამწუხაროა, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი ფასდება  არა ინტელექტის, განათლების დონით, პიროვნული თვისებებით, არამედ ტანისამოსით, წარმომავლობითა და სხვა მეორეხარისხოვანი კრიტერიუმებით. ამ დროს პროვინციალი არა რეგიონის წარმომადგენელი, არამედ სწორედ ქალაქელია, მისი შეზღუდული, არაკომპეტენტურ შეხედულებათა  გამო.

ამაში მდგომარეობს დღევანდელი ქართული სოციუმის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ღირებულებათა გადაფასების სისტემის უვარგისობა, რაც კიდევ ერთხელ უფრო მტკივნეულად მიანიშნებს ერის ჩამოუყალიბებლობის სინდრომზე.  ალბათ, ყველა თანხმდება იმ საკითხზე, რომ ჩვენი ინტელიგენციის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელები რეგიონებიდან იყვნენ, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს კულტურის საგანძურის ჩამოყალიბებაში. ამ სიტყვების ნათელი მაგალითებია: ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვანი.

ამდენად ჩამორჩენილობა ანუ პროვინციალიზმი, თავისი შინაარსით არ გულისხმობს ინდივიდის საცხოვრებელი ადგილის  გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, იგი მის შინაგან სულიერ სამყაროს გამოხატავს, მის მენტალიტეტს,  მოუმწიფებლობას. ცივილიზაციის შუაგულშიც შეიძლება ვერ მოახერხოს ინდივიდმა  კარი ფართოდ გაუღოს სიახლეებსა და ახალ იდეებს, ფეხი აუწყოს ახალი საუკუნის  მოთხოვნებს და გამოწვევებს,  გაიფართოოს თვალსაწიერი და ეცადოს ესა თუ ის მოვლენა მრავალწახანაგოვან ჭრილში განიხილოს.

 ამ პრობლემიდან გამოსავალის პოვნა იოლი ნამდვილად არ არის. საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა იგრძნოს მასზე დაკისრებული ვალდებულება, რათა უფრო კარგად ჩაუფიქრდეს მის აზრსა თუ მოქმედებას, დაძლიოს ჩამორჩენილობა. მოცემული  საკითხის სწრაფად მოგვარების აუცილებლობა  კიდევ უფრო მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, რომელმაც  საბჭოთა კავშირის 70 წლიანი მონობის შემდეგ მრავალი მსხვერპლის ფასად მოიპოვა დამოუკიდებლობა, ამიტომ როგორც ერის,  ჩვენი ფორმირების პროცესი ახლა მიმდინარეობს. სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული შევდგებით თუ არა წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელმაც შეისისლხორცა ძველი კარგი, მაგრამ უარი არ თქვა ახალსა  და გაცილებით უკეთესზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს განათლების მიღებას, ლიბერალური, შემწყნარებლური იდეების კარგად გააზრებას, პრიორიტეტების სწორად დასახვას და ყოველგვარი საკითხის მიმართ  ჩარჩოებისაგან თავისუფალი პოზიციის ჩამოყალიბებას.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s