ცხოველთა უფლებებზე

animalrightsავტორი: ლუკა სანიკიძე

ცხოველთა უფლებები ყოველთვის იწვევს მწვავე დებატებს და მათ შორის ორმაგ სტანდარტებსაც. თუ  დავაკვირდებით ხალხის რეაქციას ცხოველების წამების ფაქტებზე ან მაგალითად, იგივე მონადირეების მიერ მოკლული ცხოველების განთავსებულ ფოტოებზე უმეტესად ნეგატიურია, თუმცა მეორე მხრივ იგივე ადამიანები უპრობლემოდ მოიხმარენ ხორცს და ცხოველურ  პროდუქტებს, რაც ზუსტად ამ ორმაგ სტანდარტს ქმნის.

ცხოველების უფლებებზე საუბრისას ბევრს უყვარს უაზრო უტრირება თითქოს ვინმეს ცხოველებისთვის  არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემა სურს, ჯანდაცვა და სხვა სერვისების უზრუნველყოფა და სხვა აბსურდი. რეალურად ცხოველების უფლებებში იგულისხმება ერთი რამე: მორალურია თუ არა ადამიანის მიერ ცხოველების წამება და მოკვლა (რა თქმა უნდა არ იგულისხმება თავდაცვითი სიტუაციები). თავისთავად ცალკე არსებობს  ბევრი არგუმენტი, რომელიც შეეხება  გარემოს დაბინძურებას და კვებას, მაგრამ დღეს  ჩვენ მხოლოდ ეთიკური ნაწილზე ვსაუბრობთ.

რამდენად გამართლებულია ცხოველების უფლებები, როგორც ფილოსოფიური კონცეპტი? ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არგუმენტი ცხოველების უფლებებზე არის მარგინალური შემთხვევა (Marginal case), რომ თუ ეთიკურად მიუღებელია მენტალური პრობლემების მქონე ადამიანის წამება და მოკვლა,  მაშინ ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არასწორია ცხოველების მოკვლა და წამება, რადგან ამ შემთხვევაში ცხოველებს ზუსტად იგივე ან მეტი აზროვნების უნარი აქვთ, რაც ამ ადამიანებს, ამის საპირისპირო არგუმენტია, რომ ჩვენ, ამ ადამიანებს, რასობრივი სოლიდარობის გამო ვინდობთ და თანავუგრძნობთ, მაგრამ  რეალურად სახეობის ჯგუფური მემკვიდრეობის გამო არ ვკლავთ და ვაწამებთ ეგეთ ადამიანებს? აშკარაა, რომ ცხოველები, მათ შორის ღორები, ძროხები, ქათმები არ არიან ადამიანი მენტალურ დონეზე, მაგრამ ადამიანების მსგავსად ისინი გრძნობენ შიშს, ტკივილს, მათ ისევე, როგორც ადამინებს, არ სურთ სიკვდილი, და ზუსტად ეს საერთო გრძნობებია ამ თანაგრძნობის მიზეზი რომელსაც ადამიანები გამოხატავენ.

დავუბრუნდეთ ორმაგი სტანდარტის თემას, ხშირად მოგვისმენია თუ როგორ აკრიტიკებენ ჩინელებს, რადგან იქ ზოგ რეგიონში მიღებულია ძაღლის ხორცის ჭამა, რაც ჩვენთვის უჩვეულოა და ამაზრზენია, იმის მიუხედავად, რომ ღორი ინტელექტუალურად უფრო ჭკვიანია, ვიდრე ძაღლი (ან იგივე 3 წლის ბავშვი), ყველაფერი ისევ კულტურულ ნორმამდე მიდის.  ადამიანებს აქვთ კულტურული ჩვევები და ნორმები, ასეთი ფუნდამენტალური ჩვევების განხილვაც კი უკვე გამაღიზიანებელი ხდება არაფერი რომ არ ითქვას მათ შეცვლაზე,  მაგრამ ცხოველების უფლებების საკითხი განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია, რადგან ამ თემაზე საუბარი  ადამიანების ნაწილში დანაშაულის გრძნობას აღვიძებს მიუხედავად იმისა, ღიად აღიარებენ ისინი ამას თუ არა.

ამ ორმაგი სტანდარტის მეორე მომენტია ის, რომ  დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არც იღებს მონაწილეობს ცხოველების დაკვლაში, ისინი ხედავენ ხორცს, როგორც პროდუქტს მაღაზიაში, ან მზა საკვების ფორმაში როგორიცაა ბურგერი, სტეიკი, და ა.შ.  ისინი არ ხედავენ ცხოველის დაკვლის პროცესს და ამით ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ ვერ აიგივებს ხორცის მოხმარებას წამებასთან, ტკივილთან და სიკვდილთან, იმის მიუხედავად, რომ ტექნიკურად ყველას კარგად ესმის, საიდან მოდის ხორცი. იგივე ხდება ვეგეტარიანული/ვეგანური პროდუქტების მიმართ, ეს პროდუქტები (ან ჩვენ რეალობაში სამარხვო) არანაირ პრობლემას არ ქმნის, თუმცა, ხალხს მაინც აქვს არაადეკვატურად ნეგატიური რეაქცია, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ მართლა გულწრფელად არ მოსწონთ მსგავსი პროდუქტები,  თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ვეგანური კვების სტილი მათში იმავე დანაშაულის გრძნობას აღვიძებს, რადგან გულის სიღრმეში მათ ესმით, რომ  ცხოველების მოკვლა  არაა სწორი, რაც ხსნის არაადეკვატურ და ნეგატიურ რეაქციას.

ჩემთვის აშკარაა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს არ მოსწონს ცხოველებზე ძალადობა.  ადამინების  ნაწილი, ვინც ჭამს ხორცს (ე.წ ომნივორები)   ვერ უყურებს ფერმაში ან საწარმოზე ცხოველების დაკვლის პროცესის ამსახველ ვიდეოებს მცირე ნეგატიური ემოციის გარეშე. ან გავიხსენოთ საზოგადოებრივი პროტესტი ლომისობის წინააღმდეგ,  თანამდეროვე საზოგადოებაში ღრმა ჩვევების მიუხედავად მაინც  მიუღებელია ცხოველებზე ძალადობა, კი ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ადამიანები არიან ჰიპოკრატეები და ეს სწორიც იქნება, მაგრამ ეს “ჰიპოკრატეები” არ არიან მარტივ სიტუაციაში, ამ ღრმა კულტურული ჩვევების შეცვლა ძალიან რთულია და ეჭვი მეპარება რომ სიმკაცრემ და სინდისზე აგდებამ რამე შეცვალოს.

ასევე გასაგებია არგუმენტი, რომ ადამიანი ცხოველზე განვითარებულია და ამიტომაც ჩვენ გვაქვს ცხოველების მოკვლის უფლება. თუ ჩვენ არგუმენტად მართლა მოგვყავს ის, რომ ადამიანი ცხოველზე მეტად განვითარებულია, როგორც აზროვნებით, ასევე მორალით, მაშინ მით უმეტეს ჩვენ, როგორც  მორალური და აზროვნებითი უპირატესობის მქონე არსებებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვამოძრავებს, და ეს უპირატესობა ნამდვილად არ უნდა გამოვიყენოთ ამორალური ქცევის გასამართლებლად.

მე არ მაქვს ილუზია, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში მოსახლეობის დიდი ნაწილი გახდება ვეგეტარიანელი,  საქმეს  არც ის შველის, რომ როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, მიდის რძის და ხორც პროდუქტების ძლიერი სახელმწიფო სუბსიდირება, რაც ჩემი აზრით უმთავრესი საკითხია, რომელიც  უნდა დასრულდეს, აქვე აღვნიშნავ, რომ მე  არ ვარ იმ კანონების მომხრე, რომელიც  აკრძალავს ცხოველების დაკვლას და დააძალებს ადამიანებს ვეგეტარიანელობას, მაგრამ ამ სფეროების  სუბსიდირება უაზროა და ამასთან ერთად ამორალურიც, კანონებს აქვთ ძალა, მაგრამ ადამინები თავისი  აზროვნებით უნდა მივიდნენ სწორ დასკვნამდე და არა სახელმწიფო კანონის დიქტატით.

თუ ახალი ტექნოლოგიებს გადავხედავთ, შესაძლოა დედამიწას არც სჭირდებოდეს ვეგეტარიანელობაზე გადასვლა. უამრავი მცენარეული ხორცის ალტერნატივის გარდა უკვე არსებობს  უჯრედოვანი კულტურებით გამოზრდილ ხორცი (Cultured meat), რომელიც არ საჭიროებს ცხოველის დაკლავს. მართალია ჯერ  ძვირია, მაგრამ  მომავალში ის დიდი ალბათობით ხორც პროდუქტების წარმოების ფასს გაუტოლდება. ამასთან ერთად, მზარდია ბაზარზე შემოსული ჰუმანური “cruelty free” პროდუქტების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხმარებელს, ისევე როგორც მწარმოებელს, ადარდებს ეს საკითხი.

ამ სტატიით მე არ მსურს, გავაღიზიანო ომნივორები ან მათ ამორალურობაში დავდო ბრალი, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ვეგეტარიანული აქტივიზმის ერთ-ერთი პრობლემა პირდაპირ კონფრონტაციაზე გადასვლაა, რომელიც იშვიათად იძლევა შედეგს,  მე რეალურად მსურს, რომ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვჭამთ და  რა არის ამის მორალური ფასი, რადგან თავის დროზე ზუსტად ამ საკითხით დავიწყე მეც.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s