,,უმაღლესი” განათლება

უმაღლესი განათლებაავტორი: კესო ჭუმბურიძე

ნაყოფიერად გატარებული 12 წლის შემდეგ, მოლოდინი იმისა, რომ უნივერსიტეტში ცივილიზაცია დაგხვდება, წარმატებით იმსხვრევა. ამ სისტემის ფარგლებში თქვენ საშუალება მოგეცემათ, სილაბუსში აღმოაჩინოთ ლექტორის ნომერი, რომელიც იწყება დიდი ხნის წინ შეცვლილი კოდით – 898. თვითონ სილაბუსი კიდევ ცალკე მოვლენაა, რადგან იგი თითქმის არასდროს ემთხვევა რეალურად განვლილ მასალას. თუ მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ბრძანდებით, თქვენ შეგიძლიათ მაინც სილაბუსის მიხედვით აირჩიოთ საინტერესო საგანი, რომლის ლექტორიც გეტყვით, რომ ლექციაზე ინტერაქციისთვის არ მოდის და თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში დისკუსიას საჭიროდ ჩათვლის, შეიძლება გკითხოთ ნიცშეზე რამე თუ გსმენიათ, ან ნაპოლეონი გაგიგიათ. ქულებს პირდაპირპროპორციულად დაგიწერთ და ამდენი ,,გარჯის’’ შემდეგ საინტერესოდ მიჩნეულ საგანს, სრულიად უინტერესოდ, მაგრამ უშფოთველად დახურავთ A-ზე.

იმის თქმა დამავიწყდა, რომ თუ მოხდა საოცრება და რამეში არ დაეთანხმე, მისი არგუმენტი ქვას გახეთქავს სიტყვებით, რომ ეგ წიგნი მისი დაწერილია და შენ ვერაფერს ასწავლი.  გარდა ამ ბედნიერებისა, თქვენ აღმოაჩენთ საგანს, რომლის ლექტორიც სხვა რამეს ხსნის, სემინარის ხელმძღვანელი კი სხვას კითხულობს, მაგრამ არ იდადროთ, გამოცდაზეც სხვა რამეს დაწერთ. შეხვდებით ლექტორებს, რომელთაც შეუძლიათ  მოიფიქრონ დავალებები ინსტრუქციების გარეშე ან 1 თვე ვერ ჩამოყალიბდნენ მისი ჩაბარების ბოლო ვადაზე.

სტუდენტის ცნობის აღება თუ დაგჭირდა, რომელიც ისევ უნივერსიტეტში მისატანად გჭირდება, იმდენ სართულზე აგიყვანენ და იმდენ ადგილას გაგაგზავნიან, რომ ბოლოს პრინციპის საკითხი გახდება  ,,მიზნის” მიღწევა.

თუ მოხდა საოცრება და ფინალური გამოცდის ადრე დაწერა გინდა და  გინდა, რომ 6 გამოცდა 4 დღეში დაწერო,  თუ ისიც დაემთხვა, რომ ამ ყველაფერთან ერთად წინდახედულიც ხარ და ადრევე დაიწყებ იმის გარკვევას თუ როგორ  გვარდება მსგავსი ამბები, აღმოაჩენ, რომ  თურმე საჭიროა წარადგინო ბილეთის ჯავშანი, მოწვევა და ცნობა იმ ორგანიზაციიდან, რომელშიც მიდიხართ,  რა თქმა უნდა, სველი ბეჭდით. ანუ თუ მაგალითად საზღვარგარეთ მიდიხართ რაიმე დიადი მიზნით,  ორგანიზაციამ რაღაც ძალებით საქართველოში უნდა აფრინოს სველბეჭდიანი მოწვევა, რომელსაც უმეტესად ელექტრონულად გზავნიან ხოლმე. ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე ყველასაბუთშეგროვებულს  მხოლოდ  აქ შეუძლიათ გითხრან, რომ 2 დღის წინ გამოსული ბრძანების თანახმად, კანცელარიაში რექტორის სახელზე უნდა დაწეროთ განცხადება,  რომელსაც კაცმა არ იცის როდის განიხილავენ და თუ თქვენ მეორე დღეს გამოცდის დაწერა გინდოდათ უკვე, ვერ მოგართვით.

სტიპენდიის აღების კრიტერიუმები საერთოდ ცალკე სამყაროა, რომელსაც  სასტიპენდიო განაცხადების მიღების შემდეგაც ემატება ახალ-ახალი გამოგონებები. საბაკალავროს დაცვაც ერთი აურზაურია, ბოლოს ხომ  ის ლექტორები გაფასებენ, თვითონ რომ პლაგიატი წიგნები აქვთ გამოშვებული, თანაც რამდენიმე გამოცემით.

თავიდან ვიღაცები გეტყვიან, რომ უნივერსიტეტი ცოდნის 20%-ს მოგცემს მარტო, შეიძლება გაგიკვირდეს, მერე მიხვდები, რომ 20%-იც ბევრია, მაგრამ მაინც ივლი.  ღრმა ანალიზის გარეშეც მარტივად დაასკვნი, რომ თუ რამის შექმნა გინდა, შენით უნდა შექმნა, თუნდაც წარუმატებლად, მაგრამ მცდელობით. ფაქტია, რომ 4 წლის მერე, დიპლომით თუ უდიპლომოდ,  შენ დაახლოებით ისევ იმ დონეზე იქნები, რომელზეც 4 წლის წინ იყავი, ანუ სრულ შეუსაბამობაში აღმოჩნდები იმ მოთხოვნებთან, დასაქმების ბაზარზე რომ იქნება. ბევრი იმაზე იწუწუნებს რომ ,, ამდენი” ისწავლა და ვერ დასაქმდა და ცოტა თუ დაფიქრდება იმაზე ისწავლა თუ არა ის, რაც რეალურად უნდა ესწავლა და რა გააკეთა თვითონ იმისთვის, რომ მიეღო ცოდნა სხვადასხვა გზებით.

რეფორმებზე ლაპარაკი ყოველთვის იქნება, მაგრამ  ვერ დაინახავთ შედეგს, რომელიც მის გატარებას მოჰყვება, რადგან ყოველ მინისტრს თავისი გენიალური ხედვა ექნება და რამდენიმე გენიოსის შეცვლის შემდეგ შეიქმნება ქაოსი, შემქმნელები კი ნელ-ნელა დატოვებენ ასპარეზს.

ამ ყველაფრის შემდეგ თუ რომელიმე ლექტორს წამოსცდა, რომ ესტონეთი კარგია ქალაქია, გამოიჩინეთ ზრდილობა და არ შეედავოთ, ნამყოფია და იცის!

უმაღლესი განათლების კანონში წერია, რომ მისი ძირითადი მიზანია  ,,თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე”, ეს ბაზრები კი გაგიკვირდებათ და საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ამის პარალელურად უნივერსიტეტების მდგომარეობა არ იცვლება ათეულობით წლების განმავლობაში. და ზოგიერთები, ინდუსტრიული პერიოდის მსგავსად, კვლავ  ცდილობენ გააკონტროლონ შენი აზრები. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტად ალბათ  შემოქმედებითობა ფასდება, შენ რატომღაც ისევ გევალება მიჰყვე სხვის ინსტრუქციებს, რასაც განვითარებამდე ნამდვილად არ მივყავართ. საქართველოში 75 უნივერსიტეტია და  ყოველ წელს აბიტურიენტების უმრავლესობა წარმატებით აბარებს რომელიმე უნივერსიტეტში, რომელიღაც ფაკულტეტზე, რომელიღაც პროცენტიანი გრანტით ან სულაც უგრანტოდ და მზად არიან 4 წელში ათი ათასი ლარი გადაიხადონ იმისთვის, რომ მიიღონ ის, რაც აქამდეც ჰქონდათ ანუ დიდი ვერაფერი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s