ნინო ბურჯანაძე

nino_burjanadzeნინო ბურჯანაძე –  „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი, დღეს, საქართველოში, არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და ვითარების გამოსწორების მიზნით პროგრამაში მთავარ აქცენტს აკეთებს სახელმწიფოში სამართლიანობის აღდგენაზე,სამართლიანი სამართლის არსებობაზე,დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრაზე,ადამიანის უფლებებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პატივისცემაზე, „კანონი უნდა კანონობდეს,კანონის უზენაესობა ცარიელ სიტყვებად არ უნდა რჩებოდეს. მხოლოდ სამართლიანი სახელმწიფო შეიძლება იყოს სტაბილური და წარმატებული“. ამიტომაც მისი მთავარი სლოგანია: „სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის“. სამართლიანობის აღდგენის მიზნით არ გამორიცხავს კონსტიტუციის გადასინჯვას და ამომრჩევლებს ჰპირდება,რომ შექმნის სპეციალურ კომპეტენტურ,ობიექტურ,ზეპარტიულ საკონსტიტუციო კომისიას,რომელიც არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პარტიის ინტერესების,არამედ ხალხის ინტერესების,რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს ახალ კონსტიტუციას,ასევე ყველა რეზონანსულ საქმეზე განახორციელებს ობიექტურ გამოძიებას მიუკერძოებელი სასამართლოს საშუალებით.

სასამართლო სისტემაში გეგმავს სამართლიანი,ობიექტური,კომპეტენტური,დემოკრატიული სასამართლოს ჩამოყალიბებას, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობის გადახედვას,არ ეთანხმება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას.მიიჩნევს,რომ სასამართლო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის,როგორც ფინანსურად,ასევე ადგილმდებარეობის გათვალისწინებით,აპირებს ეკონომიკური დავების სწრაფი და ეფექტური განხილვის მიზნით კერძო არბიტრაჟის აღდგენას,პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეთა პასუხისმგებლობაში მიცემას.

 „სადაც არ არის სამართლიანობა – იქ არ იქნება მშვიდობა“

სამართლიანობის აღდგენასთან ერთად საარჩევნო პროგრამაში უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,კონფლიქტების მოწესრიგებას აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან,რომლის დარეგულირებას უკავშირებს სწორი სახალხო დიპლომატიის გატარებას,ხალხთა შორის პირდაპირი დიალოგის გამართვას,

 „კონფლიქტების გადაწყვეტის უმთავრესი პრინციპი – ორიენტაცია არა იმაზე,რაც ერთმანეთს გვაშორებს,არამედ იმაზე,რაც გვაკავშირებს და მომავალში დაგვაკავშირებს“.

თუმცა მხოლოდ სახელმწიფოს შიდა-პოლიტიკას არ მიიჩნევს საკმარისად ქვეყნის კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირებისთვის,არამედ ასახელებს,რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საქართველო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ობიექტის ნაცვლად მის სუბიექტად უნდა ჩამოყალიბდეს,უსაფრთხოების სფეროში პრევენციული დიპლომატიის პოლიტიკა  გატარდეს,ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და განმტკიცების მიზნით ავანტიურიზმი გამოირიცხოს,ევროკავშირთან ურთიერთობა მაქსიმალურად გაღრმავდეს,ჩრდილოატლანტიკურ სივრცესთან თანამშრომლობას ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით,რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ინტენსიური დიალოგის საფუძველზე.

სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობასთან დაკავშირებით უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებებისა და ფინანსური რესურსების გაზრდას, „ყველა სოფელში და ყველა ქალაქის თითოეულ უბანში უნდა აირჩეს მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი საბჭოები“,ხოლო მათი ქმედითი ფუნქციონირების გარანტად ასახელებს პრეზიდენტის ინსტიტუტს,რომელიც ამასთანავე უზრუნველყოფს ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობას მათ საქმიანობაში.

ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას გეგმავს:

  • ქველმოქმედთა,მსხვილი ბიზნესმენების მხარდაჭერით,კერძოდ წელიწადში 100000 ლარზე მეტი შემოსავლის დაბეგვრით, 20-ის ნაცვლად,25%-იანი საშემოსავლო განაკვეთით,
  • შემოსავლების სიდიდის პროპორციულად გადასახადების სიდიდის შეცვლით,
  • საგადასახადო სისტემის რეფორმას,რაც ითვალისწინებს პარამეტრული საგადასახადო სისტემიდან დიფერენცირებულ სისტემაზე გადასვლით,
  • ეკონომიკური პროექტების წახალისებით,რომლებიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან,
  • მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით.

სოციალური მინიმუმის,პენსიებისა და უმუშევრობის სფეროში ვითარების გამოსწორებას უკავშირებს „ეკონომიკის გაჯანსაღებას“ და სტაბილური ბაზრის არსებობას, „სახელმწიფომ არ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები,მან ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესს სამუშაო ადგილების შექმნაში“.ელექტორატს ჰპირდება,რომ:

  • მინიმალური ხელფასი და პენსია გაუტოლდება რეალურ საარსებო მინიმუმს,
  • ხელფასებისა და პენსიების ინდექსაცია მოხდება ინფლაციის გათვალისწინებით,
  • პენსია განისაზღვრება სამუშაო სტაჟისა და დამსახურების მიხედვით,
  • ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის შექმნის სოციალურ გარანტიებს,
  • უმუშევართათვის დაწესდება ექვსთვიანი შემწეობა,
  • გაიზრდება პენსიები და სოციალური დახმარებები,
  • მოხდება საცხოვრებელ დაკარგულთა აღწერა და მათთვის ეფექტური დახმარებების გაწევა.

განათლებისა და მეცნიერების სფეროში გეგმავს პროგრამის „არცერთი მოქალაქე – პროფესიის გარეშე“-ს ამოქმედებას,ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას,რაც ეხება როგორც სასკოლო,ასევე საუნივერსიტეტო,პროფესიული და სკოლამდელი განათლების პოლიტიკის შეცვლას.კერძოდ,ასახელებს:

  • განათლების მართვის ახალი სქემის შექმნას,
  • განათლების სისტემის საინსპექციო და მეთოდური სამსახურების ჩამოყალიბებას,
  • ქართული და აფხაზური ენის სახელმწიფოებრივ დაცვას,
  • სკოლებში აფხაზური ენის ფაკულტატური სახით სწავლებას,
  • სკოლამდელი განათლების სავალდებულოობას,
  • განათლების სისტემის დაფინანსების წესის შესახებ ახალი კანონის მიღებას,
  • უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის დაბრუნებას,
  • სამეცნიერო და დარგობრივი ინსტიტუტების აღდგენას,ახალი სამეცნიერო ინსტიტუტების დაარსებას,
  • მასწავლებელთა მინიმალური ხელფასების სამჯერ გაზრდას საარსებო მინიმუმთან შედარებით,
  • 20-წლიანი იაფი სტუდენტური და საგანმანათლებლო კრედიტების შემოღებას.

ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაავადებათა პრევენციაზე,ამისთვის კი საჭიროდ მიიჩნევს გამართული,მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული და საზოგადოებრივად სამართლიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნას სახელმწიფოს მხარდაჭერით. „ადამიანებს უნდა მიეცეთ რეალური შესაძლებლობა,თავიანთ ჯანმრთელობაზე ავადმყოფობის ჩამოყალიბებამდე და გართულებამდე იზრუნონ“,უპირატესობას ანიჭებს საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის გატარებას ნებისმიერი მოქალაქის მიმართ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,ასევე მიიჩნევს,რომ კორპორატიული დაზღვევისას სამსახურის დაკარგვა არ უნდა იწვევდეს სადაზღვევო პაკეტის შეცვლას,მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას,ყოფილ უბნის ექიმებზე ყურადღების გამახვილებას,ექიმ-პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას,ამბულატორიული პროფილის დიაგნოსტიკურ-სამკურნალო დახმარების გაძლიერებას,მოსახლეობის მედიკამენტური საშუალებებით უზრუნველყოფას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რომ პროგრამაში ასახულია ნარკომანია,როგორც „ეროვნული უსაფრთხოების დონის პრობლემა“,რომლის მოსაგვარებლად ასახელებს,რომ აუცილებელია:

  • ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია
  • ნარკომანებზე არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,არამედ მკურნალობის განხორციელება
  • მკურნალობის ხელმისაწვდომობა
  • სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის სპეციალიზებული ცენტრების ქსელის შექმნა
  • ფართო ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანიის წარმოება
  • ახალგაზრდებისთვის ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისი პრევენციული პროგრამების შექმნა და დანერგვა.

სოფლის მეურნეობაში გეგმავს დასაქმებულთათვის გრძელვადიანი,დაბალპროცენტიანი სესხის ხელმისაწვდომობას,სახელმწიფოს მიერ ფერმერებისა და გლეხებისთვის შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფას,მათთვის დაზღვევის სისტემის შემოღებას,რომელიც დაიცავს გლეხს და ფერმერს მოუსავლიანი წლის შემთხვევაში გაკოტრებისა და ვალების დაგროვებისგან,პროდუქციის ჩაბარების საბითუმო და პროდუქციის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი შესანახი ცენტრების შექმნას,უპირატესად მიიჩნევს,სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასწარმოქმნის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და სურსათის მწარმოებლის სტიმულირებას,რაც უზრუნველყოფს პროდუქციის რეალიზებას ბაზარზე.მკაფიოდ აფიქსირებს თავის შეხედულებას უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს,რომ მიყიდვა უნდა შეიცვალოს გრძელვადიანი იჯარით,თუგინდ 50 წელიწადი, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პირობით.

ნინო ბურჯანაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პრობლემებზე და საჭიროდ მიიჩნევს,რომ ამოქმედდეს „მთის კანონი“,რომ სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მთაში მცხოვრებ მოსახლეობას,რომ შეაჩეროს მთის გაუკაცრიელება ინფრასტრუქტურისა და მიკროსაწარმოების შექმნით,ხელი შეუწყოს ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ტრადიციული მწარმოებლური ობიექტების აღორძინებას.

საბოლოოდ,ნინო ბურჯანაძის პროგრამის მთავარი მიზანია:

  • ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა,
  • ადამიანის უფლებათა დაცვა,მათ შორის საკუთრების უფლების,
  • მოქალაქეთათვის წართმეული ქონების დაბრუნება და დაზარალებულთათვის ფინანსური კომპენსაციების გადახდა,
  • ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლა საკუთარი მოქალაქეებისადმი – სახელმწიფომ ხალხზე უნდა იზრუნოს!

„სახელმწიფო არსებობს ადამიანისთვის და არა ადამიანი – სახელმწიფოსთვის“

  • მოქალაქეთათვის ღირსეული სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნა,
  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობით
  • ჩვენი ეროვნული ფასეულობების დაცვა.

მოამზადა: ნანა ნემსწვერიძემ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s