ზურაბ ხარატიშვილი

xaratishvili2

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“-ს მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი საარჩევნო პროგრამის სტრატეგიულ მიზნად ასახელებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას,საქართველოს ე.წ. პოსტინდუსტრიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას,რისთვისაც საჭიროდ მიიჩნევს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას,თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებას ევროპასა და ამერიკასთან,გლობალურ ეკონომიკურ,სამეცნიერო,სამხედრო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური პარტნიორების განხილვისას დასავლეთს ასახელებს არა მარტო ყველაზე ხელსაყრელ პოლიტიკურ-სტრატეგიულ პარტნიორად,არამედ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორადაც:„დასავლეთთან ურთიერთობა გარეშე მტრისგან თავის დაცვის გარდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც მოიცავს,რაც ღირებულებების სფეროს განეკუთვნება.დემოკრატია,სამოქალაქო საზოგადოება,სიტყვის თავისუფლება,მეწარმეობის თავისუფლება – დასავლეთიც ეს არის, შესაბამისი ღირებულებები და ინსტიტუტები.“

 სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებას,თუმცა ამავე დროს არ გამორიცხავს საქართველოს მიერ დამოუკიდებლად უსაფრთხოების სისტემის შექმნას, „ამ შემთხვევაში საქართველომ უნდა შეძლოს და იქონიოს საკუთარი ბირთვული იარაღი,ბალისტიკური რაკეტები,თანამედროვე ავიაცია და საზღვაო ფლოტი,შესაბამისი ოფიცრებითა და ჯარისკაცებით“,რომელსაც გრძელვადიან პროექტად განიხილავს.

ზურაბ ხარატიშვილი რუსეთთან ურთიერთობისას მიიჩნევს რომ „რუსეთი არ არის ლიდერი,რომ მას არა აქვს არც ახალი პოლიტიკური იდეები და არც პროექტები,რომ არის საბჭოთა კავშირის ერთგვარი გაგრძელება,იგივე ამბიციებით,მაგრამ უფრო მოკრძალებული შესაძლებლობებით“.ასევე აღნიშნავს,რომ ე.წ. „ევრაზიული კავშირი“ საბჭოთა კავშირის „გადამღერებაა“.

მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში,მთავარ პრიორიტეტად ასახელებს ჯარისკაცთა მდგომარეობის,მათი ღირსებისა და პატივისცემის ამაღლებას, სამხედრო-ტექნოლოგიური ჩამორჩენის დაძლევას დასავლეთთან ურთიერთთანამშრომლობით,ოფიცერთა ფენის ფორმირებას,ასევე გაუმართლებელი მოქმედებების გამო არმიიდან გაძევებული კვალიფიციური ოფიცრების პრობლემის მოგვარებას, „სამხედრო ელიტა – ეროვნული ელიტის განუყოფელი ნაწილია“.

განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის გეგმავს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას,სკოლების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად მასწავლებლების პრესტიჟისა და რეპუტაციის გაზრდას.საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის საჭიროდ მიიჩნევს ქართველი მეცნიერების ჩართვას ევროპის სამეცნიერო ცენტრების მიერ განხორციელებულ კვლევებში და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო ასპარაზზე.ამიტომაც,გეგმავს განათლებასა და მეცნიერებაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვას.

ჯანდაცვის სისტემასა  და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისთვის უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაზღვევაზე გაწეული ხარჯების გათავისუფლებას საშემოსავლო-საგადასახადო ბეგარისგან,გეგმავს სამედიცინო დაზღვევისა და სამედიცინო მომსახურების ცენტრების ერთმანეთისგან გამიჯვნას,სადაზღვევო კომპანიების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას.

„სახელმწიფო მხოლოდ დამხმარე როლით უნდა დაკმაყოფილდეს“, „დაზღვეულ ადამიანს მომსახურების მიღება ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეეძლოს“.

  სამედიცინო სფეროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მენეჯმენტისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების ნაკლებობას ასახელებს,რისთვისაც ექიმ-პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას,მათ პროფესიულ გადამზადებას ისახავს მიზნად.რაც შეეხება უმუშევრობის,დასაქმებისა და პენსიების საკითხს,მათ მოგვარებას პროგნოზირებს იდეალურ შემთხვევაში 10 წელიწადში,ოპტიმისტური პროგნოზით 15-17 წლის განმავლობაში,მთავარია განხორციელდეს:

  • განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკა
  • უმუშევრობის დაზღვევა
  • დაზღვევაზე გაწეული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლება
  •  ცოდნისა და კვალიფიკაციის გავრცელების ხელშეწყობა

ეკონომიკაში უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას,რაც გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის ნაკლებ რეგულირებაში,თუმცა სრულიად არ გამორიცხავს გარკვეულ კონტროლს,არამედ კონტროლი მხოლოდ „ჭკვიანური რეგულირებით“ უნდა შემოიფარგლოს,თავისუფალი ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად ასახელებს საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას,რისთვისაც საჭიროდ მიიჩნევს ე.წ. „გრძელი ფულის“ არსებობას,რომელიც:

  • საპენსიო ფონდების გაჩენის,
  • ინდუსტრიის განვითარების ფონდის შექმნისა
  • ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაზრდის შედეგად უნდა გაჩნდეს.

ასევე ამომრჩევლებს ჰპირდება,რომ სახელმწიფო იზრუნებს მოქალაქეთა საქმიანი აქტივობის,პოლიტიკური და სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფის,საკუთრების  ხელშეუხებლობისთვის,გეგმავს საგარეო ვალის შემცირებას,სავალუტო რისკების შემცირებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირებს ლარის პარალელურად დოლარისა და ევროს შემოღებას თავისუფალ მიმოქცევაში,ინფლაციის მოქცევას 3-4%-ის ფარგლებში.

საქართველოს,როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოდ განვითარებისთვის საჭიროდ მიიჩნევს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას,რომელიც დემოკრატიული,პერიოდული არჩევნებით მიუთითებს პოლიტიკურ ელიტას თავისი ნების შესახებ და შეიტანს ცვლილებებს ქვეყნის მართვაში.მას სურს და ამომრჩეველს ჰპირდება,რომ მათთან ერთად შექმნის ისეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ტრადიციას,სადაც ხელისუფლებისა და მთავრობების ცვლა მოხდება მშვიდობიანი გზით,სადაც თითოეული მესაკუთრის უფლება დაცული იქნება სამართლიანი სასამართლოს მხრიდან.საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით არ გამორიცხავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემას.ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით გეგმავს,რომ მოახდენს მათ ინტეგრირებას ერთიან საზოგადოებაში და საქართველოს მოქალაქეობას „პოლიტიკურ ქართველობას“ გაუთანაბრებს.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტური მდგომარეობის მოგვარებას მრავალმხრივ საერთაშორისო პროცესად მიიჩნევს და უპირველეს მიზნად ისახავს კონფლიქტის ჰუმანიტარული მხარის ანუ ლტოლვილებისა და მათი უფლებების უზრუნველყოფას.                                                                                                              ზურაბ ხარატიშვილი პროგრამაში ასახელებს ასევე მედიის თავისუფლებას სახელმწიფო ჩარევისგან, „ტელემაუწყებლებს  უნდა მოეხსნათ ე.წ უფასო პოლიტიკური რეკლამის ვალდებულება“,არა სიძულვილის ენა, ასევე მკაფიოდ გამოხატავს აზრს ერთსქესიანთა დაქორწინების წინააღმდეგ,მიზნად ისახავს ქალების როლის გაძლიერებას,

„საქართველო საქმის კაცებისა და საქმის ქალების ქვეყანაა“

„საქართველოს შეუძლია გახდეს ხიდი კავკასიასა და დასავლურ ცივილიზაციას შორის,რომელიც, როგორც სატრანზიტო-ეკონომიკურ,ისე კულტურების დაახლოების ფუნქციასაც შეასრულებს“.

საბოლოოდ,მისი ძირითადი მიზნებია:

  • დამოუკიდებელი,დემოკრატიული,სამართლებრივი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა
  • ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვა
  • ხელისუფლების არჩევით ორგანოებში მონაწილეობა და პროფესიული,კომპეტენტური ადამიანების მოზიდვა
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
  • აფხაზ და ქართველ ხალხთა შორის მეგობრული და ნათესაური კავშირების აღდგენა
  • ზოგადსაკაცობრიო იდეალების,დემოკრატიული პრინციპების,ადამიანის იურიდიული, სოციალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
  • პარტიული მიზნების განსახორციელებლად საზოგადოების ფართო ფენების ჩაბმა.

 

მოამზადა: ნანა ნემსწვერიძემ
.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s